ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების უმკაცრესი სანქციები დღეს ძალაში შევიდა - ამის შესახებ შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. შეზღუდვებზე უფრო კონკრეტულად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და ფინანსთა მინისტრმა ისაუბრეს. სანქციების სიაში ინდუსტრიული კომპანიები და ქვეყნის 8 სამთავრობო პირი მოხვდნენ.
სანქციების პარალელურად, ამერიკულმა ავიაციამ იერიში სირიის ტერიტორიაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ფორმირება ჰეზბოლას ბაზაზე მიიტანა. ამ ფონზე, შტატებს ერაყი ემუქრება და ბაზების ქვეყნიდან დაუყონებლივ გაყვანას ითხოვს. ერაყის პრემიერი მზად არის, ამერიკის სახელმწიფო ლიდერთან ამერიკელი სამხედროების გაყვანის მექანიზმები განიხილოს.
ამერიკული სანქციები დაგმო გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ირანის ელჩმა. სხდომაზე ამერიკის წარმომადგენელსაც მოუსმინეს. გაერო მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
გაეროს სხდომის შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კრიზისის განსახილველად შეიკრიბნენ. დიპლომატები თანხმდებიან, რომ რეგიონში ვითარების დეესკალაციისთვის დიალოგია საჭირო.
შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიუროს. უფრო მეტიც, ტრამპი ალიანსში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შეყვანის ინიციატივით გამოვიდა.
ახლო აღმოსავლეთში შტატების პრეზიდენტის პოლიტიკას აკრიტიკებენ მისი ოპონენტები. ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს.
დემოკრატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დონალ ტრამპმა კონგრესთან შეუთანხმებლად ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ირანის სამხედრო ლიდერი ბაღდადში 3 იანვარს ამერიკულმა რაკეტამ გაანადგურა. ამის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა.