30 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
მისცემს თუ არა ხელისუფლება კონსორციუმს კიდევ ერთ შანსს - ანაკლიის პორტის აშენება, შესაძლოა, 2 წლით გადაიდოს

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყვიტა, კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პორტის ასაშენებლად მცდელობებზე კვლავ განგრძობით ფორმაში საუბრობს. ამას წინ უძღოდა კონსორციუმის წერილობითი განცხადება, რომლითაც მთავრობას მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზეს. ხაზარაძე ირწმუნება, რომ ინვესტიციის მოძიების რეალური შანსი აქვს და ხელშეწყობის შემთხვევაში მას ხელიდან არ გაუშვებს.

კონსორციუმის მცდელობა, რომ მუშაობა გაგრძელდეს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასებით, უიმედოა. უწყების დაქვემდებარებაში არსებულ ანაკლიის განვითარების სააგენტოში დღეს განაცხადეს, რომ თუ იქნება მოლაპარაკება, მხოლოდ იმის შესახებ, რა თანხას გადაიხდის კონსორციუმი პირგასამტეხლოს სახით. უწყებაში დღეს კიდევ ერთხელ დასახელდა თანამშრომლობის შეწყვეტის მთავარი არგუმენტები.

საკითხზე, არის თუ არა ლეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შეფასება კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემაც გააკეთა. ლექვინაძე ამბობს, რომ კონსორციუმის უფლებები არ დარღვეულა, პირიქით, მას პირველივე ეტაპზე, სხვა პრეტენდენტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭა და ვალდებულების შეუსრულებლობის ფონზე პრეტენზიები მიუღებელია.

ოპოზიციის შეფასებით ცინიკურად გამოიყურება არგუმენტი, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე კონსორციუმს ხელი სწორედ მთავრობის პოზიციებმა და ხაზარაძე-ჯაფარიძის რეპუტაციაზე დარტყმამ შეუშალა. ოპოზიცია ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად განიხილავს რუსეთის ინტერესებსაც.

ოპონენტების განცხადებებზე ხელისუფლების პასუხი უცვლელია. საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის მსგავსად შედეგებზე აპელირებს.

ურთიერთბრალდებების ფონზე დღეისათვის ანაკლიაში შეჩერებული სამუშაოები, კონსტიტუციაში კი ჩანაწერი რჩება, რომ აქ ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს. არსებული პროგნოზით ახალი ტენდერის გამოცხადების, ინვესტორების მოძიების და ძველ კონტრაქტორთან საარბიტრაჟო დავების გათვალისწინებით, პროექტი, მინიმუმ, 2 წლით გადავადდება.

დღის ამბები