30 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
გადადგება თუ არა ე.წ. პრეზიდენტი - აფხაზეთში ხაჯიმბასა და ე.წ. ოპოზიციას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ოპოზიციისა და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ხაჯიმბას აგარაკზე უკვე 4 საათია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნიდან მივლენილი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე რაშიდ ნურგალიევიც ესწრება.

შეხვედრის პარალელურად ე.წ უზენაესი სასამართლო ალხას კვიცინიას სარჩელს განიხილავს. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატი ე.წ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

სიტუაცია დაძაბულია ე.წ. პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ აქციის მონაწილეები შენობის დატოვებას არ აპირებენ. 300-მდე ადამიანი როგორც შენობაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შეიარაღებულები არიან. ამ დრომდე აქციის მონაწილეები დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციელების ალყაში რჩებიან, რომლებიც ე.წ. ძალოვანი მინისტრების განცხადებით, შეტევაზე არ გადავლენ.

დაპირისპირებულ მხარეთა მორიგების იმედი, როგორც ჩანს, ე.წ. უშიშროების საბჭოში ნაკლებად აქვთ. არაღიარებული უწყების ხელმძღვანელმა დღის მეორე ნახევარში მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციის განმუხტვა დანაკარგის გარეშე მოხდება.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებები აფხაზეთის მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის შიდა საქმედ განიხილავენ და გამოთქვამენ იმედს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

შეთანხმების იმედი აქვს არაღიარებული რესპუბლიკის ოპოზიციასაც. "ამცახარის" წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ხაჯიმბა პოსტს დატოვებს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. მათი თქმით, სიტუაციის ესკალაცია დაუშვებელია.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება 9 იანვარს დაიძაბა. ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა ე. წ არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ოპოზიციური კანდიდატის ალხას კვიცინიას ​მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი კრიმინოგენული მდგომარეობაა. ადგილობრივები გასული წლის ნოემბერში სოხუმის ცენტრში მომხდარი მკვლელობის გამოძიებას ითხოვენ, რომელშიც მათი ინფორმაციით, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები ფიგურირებენ.

ავტორი: დავით ცაგარელი

ამავე თემაზე
დღის ამბები