30 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში - დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის შენობა დემონსტრანტებს აქვთ დაკავებული

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რამდენიმე საათის წინ ხაჯიმბას ე.წ. რეზიდენციაზე შტურმი მიიტანეს სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის შენობა ამ წუთებშიც დემონსტრანტებს აქვთ დაკავებული.

ე.წ. ოპოზიციური კანდიდატის მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ.

8 სექტემბერს ე.წ. არჩევნების მეორე ტურზე ხაჯიმბამ ხმების 47.38% მიიღო, ხოლო ალხას კვიცინიამ 46.19%. სწორედ ამ ერთ პროცენტიან სხვაობაზეა დავა.

ალხას კვიცინია და პარტია "ამცახარა" წლებია ხაჯიმბას პოლიტიკის ყველაზე დიდი კრიტიკოსია, უფრო მეტიც მას აფხაზეთის ეთნოსის და აფხაზური ენის გაქრობაში ადანაშაულებენ.

"სახელმწიფო გადატრიალების პროცესი მიმდინარეობს," - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ ქვეყნის უშიშროების საბჭოზე გააკეთა.

სხდომა საგანგებოდ მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც რაულ ხაჯიმბას რეზიდენცია ოპოზიციამ შტურმით აიღო. საგანგებო სხდომის შემდეგ კი ე.წ პრეზიდენტმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ამჯერად ხაჯიმბას სახელმწიფო გადატრიალება აღარ უხსენებია. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საგანგებო მდგომარების გამოცხადება დააანონსა.

სოხუმში აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შუადღისას აიღეს. იქ ამ დრომდე მხოლოდ დემონსტრანტები იმყოფებიან. ჩამსხვრეულია ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის მინები. აქციის მონაწილეები მომხრეებს მოუწოდებენ ადმინისტრაციის შენობის დაკავებისას არაფერი დააზიანონ. შენობის დაკავების დროს რეზიდენციაში ე.წ პრეზიდენტი არ იმყოფებოდა. 

მოსახლეობისა და ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა.

სარჩელის მიხედვით კვიცინია, რომელიც ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბას ოპონენტი იყო, ამტკიცებდა, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა და შედეგების გაბათილებას ითხოვდა. 8 სექტებერს ჩატარებულმა ე.წ. არჩევნებმა დღეს ვითარება სოხუმში მაქსიმალურად გაამწვავა. ადგილობრივები უკან დახევას არ აპირებენ.

ადგილობრივი მედია უკვე ღიად საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია და აცხადებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრეზიდენტობა ბეწვზე კიდია. ადგილობრივი ექსპერტები კი სატელევიზიო ეთერებში ე.წ. პრეზიდენტის გარემოცვას აკრიტიკებენ და ღიად აცხადებენ, რომ ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან.

ე.წ პრეზიდენტის დაცვის წევრები არა ერთ კრიმინალურ საქმეს უკავშირდებიან. მათ შორის ერთი თვის წინ, სოხუმის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევაა, რა დროსაც 2 კანონიერი ქურდი მოკლეს. სისხლიან გარჩევას 22 წლის გოგოს სიცოცხლე შეეწირა.

დღეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ერთი თვის წინ სოხუმში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების ახლო ნათესავი არხი ავიძბა იყო, რომელიც რუსეთის ინტერესების დამცველია და კრემლის დავალებით დონბასში უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ იბრძოდა. კრემლის დავალებების შემსრულებელი დღეს პუტინის მირ არჩეული პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოვიდა და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც მოსახლეობა და ოპოზიცია ე.წ. მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის. ასე იყო გასულ წელიწადს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხაჯიმბას ერთადერთი რეალური ოპონენტი ასლან ბჟანია დაცვის წევრებთან ერთად მოწამლეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ხაჯიმბას რეჟიმმა ან რუსეთის ხელისუფლების მიერ იყო მოწამლული.

სოჭში მოწამლული ოპოზიციონერი კანდიდატი იძულებული გახდა კანდიდატურა მოეხსნა და სამკურნალოდ გერმანიაში გამგზავრებულიყო. სწორედ ამის შემდეგ მის ნაცვლად გაერთიანებულმა ოპოზიციამ ალხას კვიცინიას კანდიდატურა დააყენა, რომელმაც არჩევნების მეორე ტური თითქმის ათასი ხმით ხაჯიმბასთან წააგო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის არ ეთანხმება რუსულ გავლენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე და პუტინისგან დამოუკიდებლობა სურს. თუმცა, ის სრულად არის დარწმუნებული, რომ აფხაზეთი საქართველოსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი განცხადებით, აუცილებელია ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაცული იყოს და იმედოვნებს, რომ მოვლენებს მხოლოდ მშვიდობიანი განვითარება ექნება.

ამ წუთებში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოსახლეობა და ოპოზიციაა შეკრებილი. ისინი დაშლას მანამ არ გეგმავენ, სანამ ხაჯიმბა თანამდებობას არ დატოვებს. ადგილობრივი პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომხდარი უკვე მოინათლა როგორც ახალგაზრდული რევოლუცია.

დღის ამბები