30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ეჭვქვეშ დაყენებული გულწრფელობა და რეფორმების არაეფექტურობა - რა წერია ეუთო-ოდირის კრიტიკულ ანგარიშში

ეუთომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესის შესახებ კრიტიკული ანგარიში მოამზადა.

ეჭვქვეშ დაყენებული გულწრფელობა და რეფორმების არაეფექტურობა მხოლოდ ნაწილია, რაზეც ეუთო/ოდირმა საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა. უცხოელმა ექსპერტებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი პროცედურების შეფასებას 36 გვერდი დაუთმეს. ითქვა, რომ რეფორმებმა, როგორც პრევენციამ ვერ იმუშავა და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად გარანტორი ვერ გახდა. ვარშავაში ეჭვქვეშ დააყენეს ხელისუფლების მიზნებიც, როდესაც "ოცნება" პროცესის მიმართ ფართო ნდობაზე საუბრობდა, თუმცა ბოიკოტისა და საერთო ფონის მიუხედავად კენჭისყრა არ შეუჩერებია.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლოში განხორციელებული ბოლოდროინდელი რეფორმები სისტემის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, მოწონებულია მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ღიაობაც და სხვა ტექნიკური დეტალები, თუმცა კვლავ საუბრობენ იმაზე, რომ სისტემაში გამოწვევად რჩება ფარული კენჭისყრები, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად მიღების შესაძლებლობები და ინტერესთა კონფლიქტის პრობლემატიკა. ეს კი ისაა, რაზეც ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის თქმით, ოდირის დასკვნა ხელისუფლებისთვის ერთგვარი სილის გაწნაა, რომლითაც ეუთო იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ პროცესს პარტნიორების ნდობა არ აქვს.

თავად მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში იმ პოზიტივზეცაა მითითება, რაც მოსამართლეთა შერჩევაში გამჭვირვალე და ღია პროცედურებს გულისხმობს. თუმცა არ მალავენ, რომ ხარვეზები არის. "ოცნება" მათზე პარტნიორებთან ერთად მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

დოკუმენტი, რომელიც ივნისიდან დეკემბრამდე დაკვირვების შედეგებს ასახავს, უკვე მეორე დასკვნაა, რომელსაც ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ აქვეყნებს. გარდა შეფასებებისა, დოკუმენტში საუბარია იმ რეკომენდაციებზეც, რომელიც ხელისუფლებამ ჯანსაღი მართლმსაჯულების მისაღებად უნდა გაითვალისწინოს.

დღის ამბები