30 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
დააზარალებს თუ არა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი საქართველოს - ოპოზიცია მთავრობას რისკების ანალიზისკენ მოუწოდებს

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი დღეს თბილისში, 2020 წლის მთავრობის პირველივე სხდომაზე განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოსთვის საფრთხე ამ ეტაპზე მინიმალურია, თუმცა, ამის მიუხედავად, კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი კი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების შესაძლო განლაგებას გამოეხმაურა. დავით ზალკალიანმა ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა. აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას უსაფრთხოების საბჭოს გამართვასთან დაკავშირებით - მინისტრი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

შესაძლო ეკონომიკური საფრთხეები სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეაჯამა. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს, აანალიზებს ყველა საფრთხეს და ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკური პრობლემები არ ემუქრება.

მინიმალური საფრთხის მიუხედავად, სამთავრობო გუნდს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ ოპონენტები. ოპოზიცია თვლის, რომ საფრთხეებზე მსჯელობა არა მათი მოახლოების შემდეგ, არამედ წარმოშობამდე უნდა მოხდეს.

ამ ეტაპზე, საქართველოსთვის საფრთხეს ანალიტიკოსები ვერ ხედავენ. ამბობენ, რომ ამერიკა და ირანი ახლა, სავარაუდოდ, მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაინაცვლებენ. კონფლიქტოლოგების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ დაძაბული სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში კარგად დადგმული სპექტაკლი იყო.

ირანთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გეგმები დონალდ ტრამპმა გუშინ გაახმაურა. ამერიკის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებულ დაპირისპირებას, სანქციები არჩია.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები