30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ბუნებრივი აირის ახალ აბონენტად დარეგისტრირება 100%-ით გაძვვირდა

მარეგულირებელმა ორგანომ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდაზე უარი თქვა, თუმცა ახალ აბონენტად დარეგისტრირება ზუსტად 100 პროცენტით გააძვირა. ბუნებრივი აირის ახალი წერტილის დასამატებლად, 400 ლარის ნაცვლად, მომხმარებელს 800 ლარის გადახდა მოუწევს.

გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ შესაბამისი ცვლილება ზღვისპირა ქალაქსაც შეეხო. დედაქალაქის მსგავსად ახალ აბონენტად დარეგისტრირების ღირებულება გაორმაგდა ბათუმშიც.

ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი 800 ლარამდე გაეზარდა კიდევ სამ თვითმმართველ ქალაქს. რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდნენ. ამბობენ, რომ ახალ აბონენტად დარეგისტრირება ისედაც ძვირი იყო, ახლა კი გაზრდილი ფასის გადახდა კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიები. არცერთი მათგანი დღეს "კურიერის" კამერის წინ არ გამოჩენილა. სემეკში კი, ამბობენ, რომ გაზის გაყვანის ერთჯერადი საფასურის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება, მარეგულირებელმა ორგანომ სწორედ ბუნებრივი აირით მომმარაგებელი კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 2019 წელს, ბუნებრივი აირის გაზგამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მოთხოვნით, გაზმომმარაგებელ კომპანიებს 46 ათასმა ოჯახმა მიმართა. დედაქალაქში კი, ასეთი 8 000-მდე მსურველი იყო. ბუნებრივი აირის მოხმარების მსურველებს, გაზის შეყვანის შემთხვევაში გაორმაგებული თანხის გადახდა პირველი იანვრიდან უწევთ.

დღის ამბები