ჩამოვარდა თუ ჩამოაგდეს - ახლა ეს ის მთავარი შეკითხვაა, რომელსაც უკრაინული ბოინგის საქმეზე გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. ირანულმა მხარემ გამოძიების პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, ბორტზე ტექნიკური პრობლემები იყო, თუმცა პილოტებმა დისპეტჩერს ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. ფრენის ტრაექტორიის მიხედვით კი ირკვევა, რომ ლაინერი აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდა.
განცხადება თეირანში იმ ფონზე კეთდება, როდესაც შავი ყუთი ჯერ კიდევ გახსნილი არაა. ამასობაში, დასავლური მედია წერს, რომ თეირანის უარი "შავი ყუთის" არგადაცემაზე რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე ეჭვს ბადებს.
თეირანის მტკიცებით, ლაინერს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა, ჩამოვარდნის შემდეგ კი თვითმფრინავი აფეთქდა. ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინაში. უფრო მეტიც, სკანდალური ვერსია გაჟღერდა კიევში.
უკრაინის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, მთავარ ვერსიად ლაინერის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ტორის" საშუალებით ჩამოგდება განიხილება.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ყველა არსებულ კითხვას კი პასუხს ის უკრაინელი სპეციალისტები გასცემენ, რომლებიც ირანში ჩავიდნენ და ავიაკატასტროფის ადგილს გამოიკვლევენ.
ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩართვა სურს კანადასაც. ჯასტინ ტრუდოს განმარტებით, კანადურ მხარეს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს და მისი მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფა შესაბამისად გამოიძიონ. კონტაქტი კი ირანულ მხარესთან იმ ფონზე შედგება, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წელს შეწყდა.
მომხდარი ტრაგედიის გამო ირანში, კანადასა და უკრაინაში გლოვაა. უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო უწყებებზე დღეს დროშებიც დაუშვეს. მოქალაქეები საბედისწერო ავიარეისის მგზავრებს პატივს ყვავილებითა და სანთლებით მიაგებენ.
თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნას 176 ადამიანი ემსხვერპლა. ბორტზე ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიისა და ბრიტანეთის სამ-სამი მოქალაქე იმყოფებოდა. ყველაზე პატარა მგზავრი 1 წლის იყო. თვითმფრინავი თეირანიდან კიევის მიმართულებით მიფრინავდა.