30 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს - რაულ ხაჯიმბას განცხადება

ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა საგანგებო ვითარება გამოცხადდეს - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"როგორც კონსტიტუციის გარანტი, მე მივეცი ყველა საჭირო ინსტრუქცია, რომ თავიდან ავიცილოთ არაკანონიერი მოვლენების განვითარება. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.

ყველა სახელმწიფო ორგანო საშტატო რეჟიმში მუშაობს. აუცილებლობის შემთხვევაში ჩემს მიერ იქნება მიღებული ზომები, რათა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოვაცხადო,"- თქვა ხაჯიმბამ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნებისას ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში ასევე გადავიდა ე.წ. ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია.

სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელი კარი და მინები.

დღის ამბები