2400 მეტრის სიმაღლეზე მფრინავი ლაინერის ვარდნას 176 ადამიანი ემსხვერპლა - ასეთია უკრაინული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კატასტროფის შედეგი.
167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი თეირანიდან კიევში მიფრინავდა. ბორტზე რეგისტრირებული კიდევ 2 ადამიანი რეისზე არ გამოცხადებულა.
იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან რეისი "პიეს 752" დილით აფრინდა და რამდენიმე წუთში რადარებიდან გაქრა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში კი იგი უკვე ცეცხლმოკიდებული ჩანს. "ბოინგმა 737-800" კატასტროფა დილის 7 საათისთვის განიცადა, დაღუპულია 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი, ასევე გერმანიის, ბრიტანეთის, შვედეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.
ბორტზე სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები იმყოფებოდნენ. "წითელ ჯვარში" აცხადებენ, რომ ამგვარ კატასტროფაში გადარჩენა შეუძლებელი იყო, რთული იქნება ცხედრების ამოცნობის პროცესიც. მაშველები ადგილზე დილიდან მუშაობენ.
კატასტროფის ადგილზე უკვე ნაპოვნია "შავი ყუთები", რომლის გაშიფვრის შემდეგაც "ბოინგ 737-ის" კატასტროფის რეალური სურათი გახდება ცნობილი. მანამდე კი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.
თეირანში უკრაინის საელჩომ მიზეზად ძრავის გათიშვა დაასახელა და ტერაქტის ვერსია უარყო, თუმცა მოგვიანებით განცხადება ჩაასწორეს და აღნიშნეს, რომ მიზეზები ზუსტდება. ეკიპაჟის შეცდომები გამორიცხა თავად უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა, რომლებმაც მომხდარიდან რამდენიმე საათში საგანგებო განცხადება გააკეთეს.
უკრაინა გლოვობს და თეირანში მივლინებისთვის ამზადებს დამატებით ჯგუფს, მათ შორის იქნებიან საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო ავიაციის, აგრეთვე საგარეო თუ შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. მომხდარის გამო ომანში ვიზიტი შეწყვიტა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დაავალა გენ-პროკურორს საქმეზე გამოძიება დაიწყო.
"უკრაინიდან თეირანში მიმავალი ჯგუფის თითოეული წევრი ჩართული იქნება გამოძიებაში, უკრაინელების ცხედრების იდენტიფიცირებისა და რეპატრიაციისთვის, რომლებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. მაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენი პრიორიტეტია, ჭეშმარიტებისა და ამ კატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების დადგენა," - აღნიშნა ვოლოდიმიტ ზელენსკიმ.
ვიდრე ზელენსკი კიევში ჩაფრინდება, გამოძიების სწრაფ და ეფექტურ წარმოებაზე საუბრობს ქვეყნის პრემიერიც. ამავდროულად, თეირანის სამოქალაქო ავიაცია უკრაინისთვის შავი ყუთის გადაცემას არ აპირებს, ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ ორი ქვეყანა თეირანში ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. კიევში იმედოვნებენ, რომ გამოძიება გამჭვირვალე იქნება. უკრაინა კატასტროფის შედეგების გარკვევამდე ირანში ფრენებს წყვეტს.
საჰაერო მიმოსვლები ირანში გერმანიამ, საფრანგეთმა, აშშ-მ, სინგაპურმა, მალაიზიამ და ჩინეთმა შეაჩერა. მიზეზი ირანში არსებული პოლიტიკური და სამხედრო მდგომარეობაა. კატასტროფა ირანული ავიაციის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის ღამეს მოხდა, რამაც კატასტროფასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვები გააჩინა. სწორედ ამიტომ, უკრაინულ მედიაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა მომხდარის უკან სხვა მიზეზიც იდგეს.
საჰაერო კატასტროფებისას მსოფლიო პრაქტიკა გამოძიებაში ყველა იმ ქვეყნის მთავრობის ჩართვას ითვალისწინებს, რომლის მოქალაქეებიც კატასტროფას ემსხვერპლნენ. შესაბამისად, ახლა მიზეზების დადგენაში 7 ქვეყანაა ჩართული. ქვეყნები ცხედრის გადმოსვენების პროცედურებზე უკვე მუშაობენ.