30 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
მოკლული წურწუმიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს

მურად წურწუმიას წამებაში მონაწილე მეორე პირი, რომლის დასჯას ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა, დააკავეს. 

განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ საქმეზე ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელის, ზურაბ ფოფხაძის მეგობარს, რომელიც სასაფლაოს ტერიტორიაზე შემთხვევის დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა, ბრალი წარუდგინეს. 

ოჯახისათვის ადეკვატური სასჯელი ორივე პირის სამუდამო პატიმრობაა.

ოჯახის მსგავსად, ძალოვან უწყებებს უნდობლობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებიც. "შეცვალეს" წევრებმა უწყებასთან, სადაც ზურაბ ფოფხაძე იყო დასაქმებული, დღეს აქცია გამართეს. 24 წლის ბიჭის საქმის გარდა გაიხსენეს 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტიც.

ბრალდებულის სკამზე ძალოვანი უწყების თანამშრომელის ყოფნა მესამე სექტორისათვის სისტემური პრობლემის არსებობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სწორედ სამართალდამცავია ის, ვინც შესაძლო დანაშაულის შემთხვევაში პოლიციას უნდა უკავშირდებოდეს და ფიზიკურად არ უსწორდებოდეს მოქალაქეს.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ პროკურატურა საქმის ფალსიფიცირებას შეეცდება. სწორედ ამის გამო "ლელო" მოითხოვს, რომ საქმე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს. უწყებამ, რომელიც სწორედ ძალოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად შეიქმნა.

"ლელოს" მოთხოვნის საპასუხოდ ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია რამდენიმე მუხლით, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე მუხლს.

მმართველ გუნდს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს. პარალელს წურწუმიას მკვლელობასა და გირგვლიანის საქმეს შორის კი ცინიკურს უწოდებენ. ოცნებაში ამბობენ, რომ გირგვლიანის შემთხვევაში საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას სახელისუფლო ვერტიკალი უშლიდა ხელს.

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, ძმებ წურწუმიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ფიზიკურად მაშინ გაუსწორდა, როდესაც ისინი ავტომობილის გატაცებას ცდილობდნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად მურად წურწუმია გარდაიცვალა, მისმა ძმამ მუხრან ჩხვირკიამ კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები