30 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
იქნება თუ არა ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი და რა გავლენა აქვს ამ კრიზისს საქართველოზე

1193 კილომეტრი თეირანამდე - სწორედ ეს მანძილი აშორებს თბილისს მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილს. შეერთებული შტატები და ირანი ომის ზღვარზე არიან. დაძაბულმა ფონმა უკვე მოახდინა გავლენა როგორც მსოფლიო პოლიტიკაზე, ისე ეკონომიკაზეც.

რა ფორმით აისახება ეს მოვლენები საქართველოზე - ამაზე ანალიტიკურ წრეებში აზრი დღემდე ორად იყოფა.

ომისთვის ამ ეტაპზე არც ირანი და არც შეერთებული შტატები არიან მზად. ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს არ დაუშვებს ევროპა.

ამის არგუმენტად ამირან სალუქვაძეს ირანის შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი მოჰყავს და ის, რომ ამერიკა სამხედრო ბიუჯეტს არ ზრდის. შესაბამისად, ომი ახლა არავის აწყობს.

უკანასკნელი შეტევა ამერიკულ ბაზებზე კი ოფიციალური თეირანის მხრიდან მოსახლეობაში და რეგიონში ავტორიტეტის შენარჩუნების მცდელობაა - მიიჩნევს საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი.

საქართველო დღემდე აქტიურად არის ჩართული ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი სამხედროების წვლილზე სამშვიდობო მისიებში მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.

სწორედ ამიტომ, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თვლის, რომ პროცესებში ჩვენი ქვეყანა უკვე ჩართულია. ახლა ვანო მაჭავარიანის თქმით, მთავარია მოკავშირეების და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა.

ახლო აღმოსავლეთიდან საფრთხეს ნაკლებად მოსალოდნელად მიიჩნევს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი. საფრთხეს დავით რაქვიაშვილი საქართველოდან ჩრდილოეთით ხედავს. არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისით ოკუპანტმა ქვეყანამ ისარგებლოს და ეს დრო პროვოკაციებისთვის გამოიყენოს.

ირანის და შეერთებული შტატების დაპირისპირების პირველად შედეგებზე საუბრობენ ეკონომიკური დარგის სპეციალისტები. სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმი და ინვესტიციები - ვახტანგ ჭარაიას თქმით, პრობლემების მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც საქართველოზე ჯერჯერობით მსუბუქად აისახება.

თუმცა ზარალი ასეულობით მილიონიდან სიტუაციის ესკალაციის პროპორციულად გაიზრდება. ექსპერტი ასევე ნავთობის ფასზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ბოლო 6 -7 თვის მანძილზე თითქმის 5%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის წარმართვაა. ასევე მთავრობის წარმომადგენლებმა ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებამდე არაერთი კონსულტაცია უნდა გამართონ.

დღის ამბები