30 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
მარტვილში მომხდარი მკვლელობა - შსს განცხადებას ავრცელებს

მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს - დაკავებულია 1 პირი: 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით თანასოფლელს - რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ. გარდაიცვალა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო,"- ნათქვამია განცხადებაში. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები