30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ანგელოზები, მოგვები და მწყემსები - ტრადიციული ალილო და შობის დღესასწაული დედაქალაქსა და რეგიონებში

ალილოს სამზადისი დედაქალაქში დილიდან დაიწყო. ანგელოზები, მწყემსები და მოგვები - ეს იმ ტრადიციული მსვლელობის სიმბოლოებია, რომელსაც საზოგადოება, განსაკუთრებით კი ბავშვები მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან. შესაბამისი სამოსიც სწორედ პატარებმა მოირგეს.

მსვლელობა 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. რუსთაველის გამზირზე იყო რამდენიმე გაჩერება. პირველი - პარლამენტის შენობა, სადაც დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს. შემდეგი გაჩერება კი საკრებულოს შენობა იყო.

მსვლელობის ერთი ჯგუფი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც მათ სალომე ზურაბიშვილი  ნობათით დახვდა.

ალილოს მეორე ჯგუფს კი საპატრიარქოსთან თავად პატრიარქი გამოეგება. ილია მეორემ ალილოს მონაწილეები დალოცა და მიულოცა.

ტრადიციული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სამადლობელი ლოცვა შესრულდა. სწორედ აქ მოგროვდა საშობაო შემოწირულობებიც, რომელიც მოგვიანებით ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

ალილო გაიმართა რეგიონებშიც. ქუთაისის ქუჩებში ალილოს მონაწილეები ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ დალოცა. ბათუმში კი მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. მსვლელობა გაიმართა გორშიც. ალილოს მონაწილეებმა საშობაო საგალობლები შეასრულეს. კახეთში კი საშობაო ალილო წელს პირველად იზეიმეს. თელავში მრევლმა და სასულიერო პირებმა სადღესასწაულო მსვლელობა ღვთაების ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან დაიწყეს.

წელს საიუბილეო მეოცე ალილო გაიმართა. უძველესი ტრადიცია, რომელიც სათავეს მეხუთე-მეექვსე საუკუნეებიდან იღებს, პატრიარქის ინიციატივით 2000 წელს აღდგა.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები