30 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ცემით გარდაცვლილი ახალგაზრდა და დაკავებული სპეცრაზმელი - რა მოხდა რეალურად 2 იანვარს ვარკეთილში ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე?!

ბედობის დღე წურწუმიების ოჯახისთვის და ახლობლის საფლავზე მისული სპეცრაზმელისთვის ზურა ფოფხაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. საქმე ეხება 2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარ ფაქტს და ცემით მოკლულ 24 წლის ახალგაზრდას.

სპეცრაზმელი დანაშაულს აღიარებს, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ ისხდნენ ღამით სასაფლაოზე სხვის მანქანაში ძმები წურწუმიები. ორივე მხარე განსხვავებული ვერსიები აქვს. ოჯახი ამბობს, რომ ძმები სხვის მანქანაში თბებოდნენ, სპეცრაზმელის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ისინი მანქანას იპარავდნენ.

ზურა ფოფხაძის ადვოკატის მევლუდ ჯანჯღავას თქმით, ბრალდებული ცემის ფაქტს აღიარებს და ადასტურებს, რომ დაპირისპირება ავტომობილის გამო დაიწყო. ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის განმარტებით, მხოლოდ კუთვნილი ავტომობილის დაბრუნება სურდა.

გარდა ამისა, ფოფხაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ნაცემი პირი სასაფლაოზე დატოვეს. ადვოკატის თქმით, დაშავებული სახლში წაიყვანეს და მდგომარეობის გართულების შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, სპეცრაზმელი ზურაბ ფოფხაძე თანმხლებ პირთან ერთად გარდაცვლილსა და მის ძმას ფიზიკურად გაუსწორდა. წურწუმიები პროკურატურის ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ძმები ავტომობილში გასათბობად და სანთებელის ასაღებად ჩასხდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ავტომობილით რამდენიმე მეტრი გაიარეს, მალევე გადმოვიდნენ, რა დროსაც მათ ფოფხაძე და მისი მეგობარი თავს დაესხნენ.

ოჯახი ამ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებას ითხოვს. კონკრეტულად იმ პირის დაკავებას, რომელიც სპეცრაზმელთან ერთად კონფლიქტში მონაწილეობდა. ამ მოთხოვნით გარდაცვლილის დედა საქალაქო სასამართლოში მივიდა. ელისო წურწუმიას პროცესზე დასწრების სურვილი ჰქონდა, თუმცა, ის საქალაქო სასამართლოში არ შეუშვეს.

სპეცრაზმელის ადვოკატი არ ადასტურებს, რომ სასაფლაოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანმხლები პირი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელია. უფლებადამცველის თქმით, მამაკაცი ძირითადად გაშველებას ცდილობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულ სპეცრაზმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ცემა - ეს ის მუხლებია, რომლებსაც გამოძიება სპეცრაზმელს ედავება. პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს და არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს. ზურაბ ფოფხაძესთან ერთად მყოფმა პირმა პოლიციელთა კითხვებს უკვე უპასუხა.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები