30 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
"რეაგირება იყო ძალიან დროული, პირი დაკავებულია" - თალაკვაძე სპეცრაზმელის საქმეზე

"დამპალოს" სასაფლაოზე მომხდარ სასტიკ მკვლელობას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. თალაკვაძის განცხადებით, სისტემა მუშაობს, რადგან დამნაშავე სპეცრაზმელი უკვე დაკავებულია.

"როდესაც პოლიციელი, ნებისმიერი მოქალაქე, არღვევს კანონს, სისტემა ჩანს შემდეგ, როდესაც რეაგირების საჭიროება დგება. ამ შემთხვევაში, რეაგირება იყო ძალიან დროული, პირი დაკავებულია და გამოძიება დაწყებულია. რა მტკიცებულებებიც იქნება საქმეში და რა შეკითხვებიც გამოიკვეთება, ამაზე სახელმწიფო გასცემს ადეკვატურ პასუხს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიციელმა კანონდარღვევის გამო შებღალოს პოლიციის იმიჯი, თუმცა, ჯერ-ჯერობით, ამ ადამიანებს ბრალი უნდა დაუმტკიცდეთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვრის ღამით, ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოს ტერიტორიაზე პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ  მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მურად წურწუმიას ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო. ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ზურაბ ფოფხაძის თანმხლებს, ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია.

ზურაბ ფოფხაძეს დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები