30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, სიმდაბლეშია - სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში - სიდიადე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს. ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურებაზეც წაიკითხეს. 

საქართველოს პატრიარქმა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილა ყურადღება. საშობაო წერილში პატრიარქმა ოჯახების სიმტკიცეზე და ერის გამრავლებაზეც ისაუბრა.

"ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური "მეს" მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.

შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…

აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ "შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა", სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა".

ამასთან, ილია მეორემ ეპისტოლეში უფალს მთელი მსოფლიოს წყალობა შესთხოვა. 

"და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი  და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე".

პატრიარქმა ეპისტოლეში, ადამიანთა თავისუფლების სიხარულზეც ისაუბრა :

"ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ  ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ;  ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც; საპყრობილეთა შინა მყოფთ, – თავისუფლების სიხარული; უსამართლოთ, – სამართალი; მშიერთ, – პური; შიშველთ, – სამოსელი; უპავართ, – სარჩო-საბადებელი; კეთილად მუშაკთ, – ღირსი სასყიდელი".

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლე კი ასე დაასრულა: 

„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“  ღვთისმეტყევლი), გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი" - ასეთი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე. 

დღის ამბები