გუდაურში 3 ათასამდე აბონენტს წყალი უკვე თითქმის ერთი კვირაა არ მიეწოდება. ახალ გუდაურში "რედკოს" დასახლებაში ამდენივე აპარტამენტი და სასტუმროს ნომერია. ადგილზე ამბობენ, რომ შენობები ახლა თითქმის დაცლილია, რადგან უწყლობის გამო სტუმრების ნაწილმა სამთო კურორტი დატოვა.
აპარტამენტის მფლობელებმა, რომლებიც ბინებს ტურისტებზე აქირავებენ და ხშირ შემთხვევაში, ეს მათი შემოსავლის მთავარი წყაროა, თბილისში წყალმომარაგების კომპანიას მიაკითხეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ "რედკო" და წყალმომარაგების კომპანია ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და კონკრეტულად ვერ ამბობენ, როდის მოგვარდება პრობლემა.
პრობლემაა ბაკურიანშიც. 2 ქუჩის მოსახლეობას, დაახლოებით 20-მდე სასტუმროს წყალი უკვე მეექვსე დღეა, შეფერხებით მიეწოდება. ობიექტებს სახანძრო მანქანებით, ტექნიკური წყლით ამარაგებენ.
როდის მოგვარდება პრობლემა, ამას ვერც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომელიც ბაკურიანში დღეს ჩავიდა. ილია ბეგიაშვილი ამ წუთებში სასტუმროების ხელმძღვანელებს ხვდება. ბაკურიანში იმყოფება მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელიც.
ადგილზე ჩასვლა და პრობლემის დროულად მოგვარება პორემიერმა დღეს საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს დაავალა. საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მთავარი თემა გუდაურის და ბაკურიანის წყლის საკითხი იყუო. უწყლობის მთავარ მიზეზად უნალექო კლიმატი დასახელდა, რის შედეგაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა.
დღეს ინფორმაცია გაავრცელა წყალმომარაგების კომპანიამაც, რომელმაც განმარტა, რომ წყლის მიწოდების შეფერხება ქსელის დაზიანებამ გამოიწვია. კომპანიამ გავრცელებულ განცხადებაში დღეს ვადებიც დაასახელა და თქვა, რომ ექსპერტები წყალმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობდნენ. პროგნოზი არც ამჯერად გამართლდა. გუდაურსა და ბაკურიანში ვითარება, ჯერ-ჯერობით, უცვლელი რჩება.