30 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
სერგეი ლავროვის საქართველოში სავარაუდო ვიზიტს გამოხმაურებები მოჰყვა

ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატის შესაძლო ვიზიტს თბილისში უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევის ქვეყანაში შემოშვებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს.

ლავროვის ვიზიტის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს და საზოგადოების სამართლიან მღელვარებას არ გამორიცხავს არც პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, შეეხება თუ არა ლავროვს ქართული სამართალი.

ის, რომ დელიკატური სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს, "რესპუბლიკელები" ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის დიპლომატის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

განსხვავებული პოზიცია აქვს ნინო ბურჯანაძეს. ოკუპაციასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესაძლო ვიზიტზე მთავრობის ოპონენტები ერთიან პოზიციაზე ვერც დღეს ჩამოყალიბდნენ.

5 თვით ადრე წინასწარ გაკეთებულ განცხადებებს გაუმართლებლად მიიჩნევენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. ევროპის საბჭოს მინისტერიალი, რომლის თბილისში ჩატარებაც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის რანგში მოუწევს - მაღალი დონის ფორუმია, შესაბამისად, ყველა მოქმედება, სახელმწიფო მინისტრის აზრით, გენერალურ სამდივნოსთან უნდა შეთანხმდეს.

ევროპის საბჭოს რიგით 130-ე მინისტერიალს თბილისი 14-15 მაისს უმასპინძლებს. დაესწრება თუ არა მას სერგეი ლავროვი, ეს ჯერ არც რუსეთის და არც საქართველოს საგარეო უწყებებმა იციან.

დღის ამბები