30 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
არასაპალამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელისუფლების დაკვეთას უკავშირებს

სალომე ზურაბიშვილს არასაპარლამენტო ოპოზიციაც აკრიტიკებს. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და ხელისუფლების კარნახის საფუძველზე მიიღო.

"პრეზიდენტად დანიშნულმა ადამიანმა გაახმოვანა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს ხელისუფლებამ და მასთან შეზრდილმა საპატრიარქომ, ამაში მე სრულიად დარწმუნებული ვარ. ის, რომ 2 დღის წინ საათნახევრიანი შეხვედრა ჰქონდა პატრიარქთან, შეუძლებელია ამ თემაზე არ ესაუბრათ. პატრიარქმა მისთვის ჩვეული მანერებით, სტილით, ეტყობა მიანიშნა, გააგებინა, რომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი შეწყალება და ამასთანავე ივანიშვილის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა სალომე ზურაბიშვილი," - აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზის საქმე უფრო მეტ ეჭვებს აღძრავს იმის თაობაზე, რომ გაცილებით დიდ დანაშაულთან გვაქვს საქმე.

"ეს ჩემთვის კიდევ უფრო აღძრავს ეჭვებს იმის შესახებ, რომ რაღაც გაცილებით დიდ დანაშაულთან გვაქვს საქმე, რისი დაფარვასაც "ქართული ოცნება" ცდილობს. როგორც ჩანს, გაცილებით მეტი მტკიცებულებები არსებობს კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაიდინა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, როგორც საპატრიარქოსთან მიმართებაში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.

მე არ ვიცი აქ რა იყო რეალურად - მოწამვლის მცდელობა იყო, ვინ ვის წამლავდა, ვინ ვის ჩაუდო და ა.შ., მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სახელმწიფოს სპეცსამსახურების მონაწილეობის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების დაკვეთაზე საუბრობს. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტის მიერ იქნა შეწყალებული მკვლელები და ნარკომოვაჭრეები ამ საკითხს წერტილი დაესვა.

"იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული იქნა მკვლელები, ნარკომოვაჭრეები, ჩემთვის საბოლოოდ დაესვა წერტილი იმ საკითხს, რომ ის, რაც მოხდა მამალაძესთან დაკავშირებით იყო ხელისუფლების დაკვეთა, რომ ყოფილიყო დისკრედიტირებული საპატრიარქო და ეკლესია და ახლა მამალაძის გამოშვება არ აწყობს ხელისუფლებას და შესაბამისად, ეს დაკვეთა შეასრულა პრეზიდენტმა," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები