30 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
გრიპის შემთხვევების რაოდენობა დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით შემცირებულია

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გრიპის შემთხვევების ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა.  ოფიციალური ინფორმაციით, წელს ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორივე შემთხვევაში მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობა გახდა. საუბარია მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებულ ფაქტებზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდემიას არ ვარაუდობს. მათი განცხადებით, არსებული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაში 3 პროცენტითაა  გაზრდილი.

"დღევანდელი ციფრი გახლავთ 191 - ასი ათას მოსახლეზე. წინა კვირაში ჩვენ გვქონდა 312. მეორე ინდიკატორი, რომელიც ახასიათებს  მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, არის დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით ოდნავ, დაახლოებით 3 პროცენტით მომატებული," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ამირან გამყრელიძემ.

სპეციალისტები მთავარ რეკომენდაციად ისევ ვაქცინაციას ასახელებენ.

"არ არის გამორიცხული, ასევე, მეორე პიკის სახით გარკვეული მატება მოგვცეს გრიპმა მომდევნო თვეებში, ამიტომ ისევ რჩება რეკომენდაციად გრიპის შესახებ იმუნიზაცია განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. იმუნიზაცია არასოდეს არ არის გვიანი," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა  ხათუნა ზახაშვილმა.

"ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რომელიც დადის გარეთ, ავრცელებს გრიპს. თუ იქნება ის იზოლირებული ოჯახში, ოჯახის წევრებიც უნდა მოერიდონ," - აღნიშნა  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დღის ამბები