30 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
კიბერდანაშაულის საგანგაშო მაჩვენებელი ქვეყანაში - სტატისტიკა 2019 წელს გაორმაგდა

კიბერდანაშაულის საგანგაშო მაჩვენებელი ქვეყანაში -  სტატისტიკა ბოლო წელს გაორმაგებულია. საბანკო ბარათებიდან ფული ისე ქრება, ხშირ შემთხვევაში, მიზეზის და ხერხის დადგენაც ვერ ხერხდება. დანაშაულის ზრდასთან ერთად, მცირდება საქმეების გახსნის მაჩვენებელი. ექსპერტები ამბობენ, რომ კიბერთაღლითობის ახალ სქემებს იმდენად სწრაფად ქმნიან, რომ მის შესწავლას სპეციალისტები ვეღარ ასწრებენ.

ქართულ ბაზარზე კი სრულიად ახალი მოწყობილობა გამოჩნდა, რომლითაც თაღლითები საბანკო ბარათების მონაცემებს დისტანციურად, პირდაპირი კონტაქტის გარეშეც იწერენ.

ანგარიშიდან თანხის გაქრობის შესახებ გიორგი ღუდუშაურმა რამდენიმე ტექსტური შეტყობინებით გაიგო. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ბარათიდან ფული მოუხსნეს, დეტალების გასარკვევად ბანკს დაუკავშირდა. საფინანსო ორგანიზაციაში გადარიცხვა დაადასტურეს, თუმცა დამატებით კითხვებზე პასუხი ვერ გასცეს და პოლიციასთან დაკავშირება ურჩიეს. საბოლოო ჯამში, როგორც გიორგი ღუდუშაური ამბობს, კიბერდანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს ბანკმა შეატყობინა.

გიორგი ღუდუშაურის შემთხვევა გამონაკლისი არ არის. მსგავს ისტორიებს ბევრისგან მოისმენთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 11 თვეში კიბერდანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა, გახსნის მაჩვენებელი კი თითქმის განახევრდა.

ზრდის ტენდენცია არ უკვირთ ექსპერტებს. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები მონაცემების მომატებას მომავალშიც ელოდებიან, რასაც საბანკო ბარათების მომხმარებელთა რიცხვის ზრდას უკავშირებენ.  სპეციალისტის განმარტებით, სიღრმისეული ანალიზის გარეშე რთულია იმაზე საუბარი, თუ რა შინაარსის კიბერდანაშაულმა იმატა, თუმცა წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ექსპერტს სავარაუდო ვერსია აქვს.

კიბერდანაშუალის მზარდი სტატისტიკა პოლიტიკური ბრალდებების მიზეზიც გახდა. ოპოზიცია უმრავლესობას რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს. პოლიტიკური ოპონენტები მმართველ გუნდს, ერთის მხრივ, კიბერდანაშაულის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, მეორეს მხრივ კი - უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ის, რაც ოპოზიციისთვის "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია, უმრავლესობისთვის 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ხელისუფების მხრიდან რეაგირება მაქსიმალურია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება და მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.

2019 წელს, რამდენიმე თვის წინ კიბერ შეტევის მსხვერპლი 2000-მდე ობიექტი ერთდროულად გახდა. ვირტუალური თავდასხმის მსხვერპლებს შორის ტელევიზიები და სახელმწიფო უწყებებიც იყო.

დღის ამბები