30 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
8 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობა გახდა

8 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექციით, თბილისის პედიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა.

პაციენტი კლინიკაში სამდღიანი მაღალი ცხელების ფონზე შეიყვანეს, ბავშვს სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილიც აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტ, მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს, თუმცა ექიმის განცხადებით, ლეტალური შედეგის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

მომხდარ შემთხვევას უკვე სწავლობენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები.

ვირუსული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ლეტალური შედეგი მძიმე ბაქტერიული პნევმონიის გამო დადგა. ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ეპიდემიური აფეთქების საფრთხე არ არის.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სეზონური გრიპის შემთხვევებმა საქართველოში საგრძნობლად იმატა. გაზრდილია კლინიკებში პაციენტების მომართვიანობა.

განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები მიეკუთვნებიან.

იაშვილის კლინიკაში სეზონური გრიპით 42 პაციენტი მკურნალობს, აქედან უმრავლესობა ვირუსული ინფექციით, კერძოდ B ტიპის ვირუსით.

სეზონური გრიპის შემთხვევები არის ზრდასრულებშიც. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 18 პაციენტი.

მედიკოსები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

მაღალ სიცხესთან ერთად ყელისა და სახსრების ტკივილი გრიპის ძირითადი სიმპტომებია, ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, ვირუსის პრევენცია ვაქცინაცია და პირადი ჰიგიენის წესების დაცვაა, მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ გართულებების თავიდან ასარიდებლად მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ.

დღის ამბები