ყასემ სულეიმანის ცხედარი ირანში ჩაასვენეს - ქალაქ აჰვაზის ქუჩებში გარდაცვლილი გენერლისთვის პატივის მისაგებად უამრავი ადამიანი გამოვიდა.
„როიტერსის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ტელევიზია გადმოსცემდა კადრებს, სადაც ხალხის ნაკადები ქუჩაში ხმამაღლა ლოცულობდა და შიიტი მუსლიმებისთვის დამახასიათებელი წესით მიაგებდა პატივს გარდაცვლილს.
მგლოვიარეებს სოლეიმანის დიდი ფოტოები ეჭირათ ხელში, ხალხის ნაკადთან ერთად მიასვენებდნენ სოლეიმანის კუბოსაც, რომელიც ირანის დროშაში იყო გახვეული.
ყასემ სოლეიმანი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის შემდეგ მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი და ბევრი ირანელისთვის კულტი იყო, რომელიც წლების განმავლობაში თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორად მიიჩნეოდა. შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე წითელი დროშა აღმართეს, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ ირანი სოლეიმანის სახელით შურისძიებისთვის მზადაა.