30 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ე.წ სტალინის ვაგონი გორში უკვე ოფიციალურად კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს

სტალინის ვაგონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს, თუმცა რუსი ტურისტი საქართველოში სტალინის არსაკმარისად აღიარებასთან დაკავშირებით პრეტენზიას მაინც გამოთქვამს.

ვაგონში ბელადის ფოტო ნამდვილად აღარ არის, თუმცა ის, რაც ყველას საბჭოთა კავშირს აგონებს და დიდ დიქტატორს ახსენებს, ძეგლად აღიარეს. ე.წ სტალინის ვაგონი გორში უკვე ოფიციალურად კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ადგილობრივები ამ მოვლენას სტალინის ღვაწლის უკვდავყოფად აფასებენ და გორში ერთნაირად უხარიათ მოხუცებსაც და ახალგაზრდებსაც.

სტალინის ვაგონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ერთი წლის წინ სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორმა მიმართა. ვაგონი აქამდე მუზეუმის ექსპონატს წარმოადგენდა თუმცა ახლა ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ ის შიდა ქართლში ისევე, როგორც მაგალითად ატენის სამება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

გორში ისეთი ადამიანები, განსაკუთრებით ძველი თაობის, ვინც სტალინის მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ აღიარებას ნეგატიურად შეაფასებს, ნაკლებად მოიძებნება, თუმცა ახალი თაობის სამოქალაქო აქტივისტები მუზეუმის არასწორ კონცეფციაზე საუბრობენ. აღიარებენ ისტორიას, თუმცა სწორ შეფასებას ითხოვენ.

გადაწყვეტილება ვაგონისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ მიიღო. სააგენტოში განმარტავენ, რომ ვაგონს გარდა იოსებ სტალინის საკუთრებისა კიდევ უფრო ძველი ისტორია აქვს, რომელიც სამეფო ოჯახს უკავშირდება.

სტალინის ვაგონის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ფაქტი განსაკუთრებული პროტესტის მიზეზი არ გამხდარა. თუმცა კვლავ სადაო და ხშირად დაპირისპირების მიზეზად რჩება იოსებ ბესარიონის ძე სტალინის და მისი ეპოქის შეფასების საკითხი.

დღის ამბები