მოკლული გენერლის, ყასემ სოლეიმანის პირველი კადრები თურქულმა მედიამ გაავრცელა. ცხედარი ავიადარტყმის შედეგად იმდენად დაზიანდა, რომ ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ მოკლული ნამდვილად ირანელი გენერალია - ის ბეჭედი გახდა, რომელსაც სოლეიმანი მუდმივად ატარებდა.
სამხედრო ლიდერს გლოვობენ ირანსა და ერაყში. მისი ცხედარი ბაღდადიდან შიიტების წმინდა ქალაქ ნაჯაფში უკვე გადაასვენეს. გენერალს 7 იანვარს მშობლიურ ქალაქში დაკრძალავენ. მანამდე კი ირანში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. სოლეიმანი, რომელსაც ირანის სამხედრო სტრატეგიისა და საგარეო პოლიტიკის არქიტექტორს უწოდებენ - ეროვნული გმირი სიცოცხლეშივე გახდა.
გენერლის მკვლელობას ირანისთვის ომის გამოცხადებად მიიჩნევს გაეროში ირანის ელჩი.
"შეერთებულმა შტატებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლით ირანს ომი გამოუცხადა. ომი ჯერ კიდევ ეკონომიკური სანქციებით შემოღებით დაიწყო. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს, თითქოს გუშინ ღამით არაფერი მომხდარა. ამისთვის სასტიკად ვიძიებთ შურს, თუმცა დეტალებზე არ ვისაუბრებ. ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ირანის გავლენიანი გენერლის მოსაკლავად სუვერენული სახელმწიფოს ერაყის ტერიტორია გამოიყენა,"- განაცხადა მაჯიდ თახთ რავანჩიმ.
შურისძიების პირობა დადო ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, რომელიც დღეს მოკლული გენერლის ოჯახში მივიდა. "ამერიკა დანაშაულის გამო დიდხანს დაიტანჯება" - ამ სიტყვებით ანუგეშა პრეზიდენტმა სოლეიმანის ახლობლები.
შურისძიებას ითხოვენ ირანის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტებიც. გენერალს გლოვობენ შიიტები, ღაზას სექტორში ამერიკისა და ისრაელის დროშები დაწვეს.
"ამერიკელები პასუხს აგებენ მომხდარის გამო, მათ უნდა იცოდნენ, რომ დანაშაულის ჩადენის გამო თავს ვეღარასოდეს იგრძნობენ უსაფრთხოდ. მათი სიმშვიდე და უსაფრთხოება დასრულდა," - განაცხადა ისლამური რევოლუციური კორპუსის მეთაურმა მუჰამად რეზა იაზიდიმ.
ერაყის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც ბაღდადის აეროპორტთან მომხდარი ავიათავდასხმა ჩანს. სარაკეტო იერიში შეერთებულმა შტატებმა დონალდ ტრამპის ბრძანებით განახორციელა.
"წუხელ, ჩემი ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს. რომლის შედეგადაც ტერორისტების ის მეთაური გაანადგურეს, რომელმაც ათასობით ადამიანი მოკლა, მოკლა ასობით ამერიკელი. ყასემ სულეიმანი მოკლულია და ახლა მისი სისხლიანი ქმედებები წარსულს ჩაბარდა," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ის, რომ ამერიკა სპეცოპერაციას ამზადებდა არავინ იცოდა. ტრამპმა ამის შესახებ არც პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და უფრო მეტიც, არც დემოკრატი კონგრესმენები არ გააფრთხილა.
"ეს სახიფათო ესკალაციაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ კატასტროფულ ომს გვაახლოებს, რომელიც ძვირად დაგვიჯდება, ომი ისედაც არასტაბილურ რეგიონში მოიტანს სიკვდილს და ახალ კონფლიქტებს," - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ბერნი სანდერსმა.
გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთი ავიადარტყმა ისევ ერაყში განახორციელა, ამერიკელების სამიზნე პროირანული შიიტური დაჯგუფება გახდა. საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულია დაჯგუფების 6 წევრი.
დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ მან ომის შესაჩერებლად და არა დასაწყებად იმოქმედა, ამის მიუხედავად სპარსეთის ყურეში ახალი სამხედრო ესკალაციის საფრთხეს ხედავს გაეროს გენერალური მდივანი.
"გაეროს გენერალური მდივანი სპარსეთის ყურეში დეესკალაციის პროცესს მუდმივად მხარს უჭერდა. ის ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ღრმად შეშფოთებულია. ლიდერები ფრთხილად უნდა იყვენენ და მაქსიმალურად შეიკავონ თავი ვითარების გამწვავებისგან. მსოფლიო სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს ვერ გაუმკლავდება," - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაქიმ
ევროკავშირში კონფლიქტის მოგვარებას დიპლომატიური გზებით შეეცდებიან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გენერლის ლიკვიდაციის გამო ირანის შურისძიების სამიზნე შესაძლოა შეერთებული შტატების მოკავშირეები ისრაელი და საუდის არაბეთი გახდნენ. ორივე ქვეყანამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და არმია საბრძოლო მდგომარეობაში გადაიყვანა.
"ისევე როგორც ისრაელს, შეერთებულ შტატებსაც აქვს თავდაცვის უფლება ყასემ სულეიმანმა ამერიკელი მოქალაქეები და უდანაშაულო ადამიანები მოკლა. ის კიდევ აპირებდა თავდასხმებს. ტრამპი სწრაფი და გამბედავი ქმედებისთვის შექებას იმსახურებს, ისრაელი მხარს უწერს შეერთებულ შტატებს მშვიდობისთვის სამართლიან ბრძოლაში," - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
საუდის არაბეთისა და ევროპის ქვეყნების კერძო კომპანიები თავის თანამშრომლებს რეგიონის დატოვებას ურჩევენ, ერაყში სამხედრო წვრთების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო NATO-მ. შეერთებულმა შტატებმა მოქალაქეები გაიყვანა ერაყიდან, ხოლო ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 ათასზე მეტი სამხედრო გააგზავნა.
ვაშინგტონიც და თეირანიც ერთმანეთს წითელი ხაზების გადაკვეთაში ადანაშაულებენ. დონალდ ტრამპმა გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბაღდადში შტატების საელჩოზე შტურმი განხორციელდა. ამერიკის პრეზიდენტმა 31 დეკემბერს დადებული პირობა, რომ დიპკორპუსზე თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებდა, 3 იანვარს შეასრულა. ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა ის პირი გაანადგურეს, რომელმაც რეგიონში ირანის გავლენა გააძლიერა, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დაითანხმა და სირიაში ასადის სასარგებლოდ ძალთა ბალანსი შეცვალა.