30 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"გრინჩმა კალაძემ მოიპარა დღესასწაული​" - საპროტესტო აქცია მერიასთან

სამოქალაქო აქტივისტები გარემოვაჭრეებს სოლიდარობას უცხადებენ. საპროტესტო აქცია ამ წუთებში თბილისის მერიასთან მიმდინარეობს. გარემოვაჭრეების თქმით, მერიამ მათ რესპუბლიკის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან ვაჭრობის უფლება არ მისცა და ალტერნატივად პარლამენტის მიმდებარე პერიმეტრი შესთავაზა. თუმცა, გარემოვაჭრეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობაზე პრინციპულად ამბობს უარს.

"გვეუბნებიან პარლამენტთან გადადითო, სადაც არ გადავალთ, იმიტომ რომ იქ მაჩალიკაშვილის ცოდვით ვერ დავდგებით, რამდენი ხანია ადამიანმა სამართალი ვერ იპოვა," - აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე. 

აქციაზე იმყოფება საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელიც გუშინ, პარლამენტთნ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 

"თუ კვლავ არ მიეცემათ გარემოვაჭრეებს უფლება, რომ ივაჭრონ 15 იანვრამდე რესპუბლიკის მოედანზე, ჩვენ უკვე კალაძის სახლთან გავმართავთ აქციას, იქნებ მერე საკუთარი შვილების მაინც შერცხვეს, რომ აქამდე სხვის შვილებს აშიმშილებს და შვილმოკლულ მამასა და შვილმშიერ მშობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს," - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი გიგა მაქარაშვილი კი, კახი კალაძეს, "გრინჩს" უწოდებს და ამბობს, რომ მან ადამიანებს დღესასწაული მოპარა

"გრინჩმა კალაძემ, მოიპარა ეს დღესასწაული და ყველაზე მოწყვლად ჯგუფს - გარემოვაჭრეებს, ვისაც სახელმწიფომ ვერანაირი პირობა ვერ შეუქმნა, აუკრძალა ვაჭრობა. ახლა კი მანიპულირებს იმით, რომ შვილმოკლული მამის კარვის ადგილას გაშლილი დახლები უნდა შეავსოთო,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" წევრი ,გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები