30 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ათენში, ბინის ძარცვის დროს გარდაცვლილი ქართველი - 38 წლის მამაკაცის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია

საბერძნეთში, ბინაში ძარცვის მიზნით შესულმა ორმა ქართველმა მამაკაცმა, პოლიციის გამოჩენისთანავე მინა ჩაამსხვრია და გაქცევა ამ ფორმით სცადა. გაქცევა შეძლეს, თუმცა ჩამსხვრეული მინებისგან ორივე მათგანმა სხეულის სხვადსხვა დაზიანება მიიღო.

აბელოკიპის ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში საბერძნეთის პოლიციამ  ორივე მძარცველი დააკავა, ძლიერი სისხლდენის გამო მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო. ერთ-ერთი, 38 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მისი თანმხლები 22 წლის ბიჭი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგომ, ძარცვის მცდელობაში ეჭვმიტანილს სავარაუდოდ, საბერძნეთის ციხეში გადაიყვანენ.

გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრობენ. 

ათენში, აბელოკიპის ტერიტორიაზე მომხდარს არაერთი ბერძნული მედიასაშუალება გამოეხმაურა, სტატიების უმეტესობაში მხოლოდ ერთ ვერსიაზე წერენ. ორი მამაკაცი ახალი წლის ღამეს, სავარაუდოდ, მათთვის ნაცნობი პირის საცხოვრებელ სახლში ძარცვის მიზნით შევიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეზობელმა პოლიცია გამოიძახა და სახლში განგაშის სიგნალი ჩაირთო, ბინიდან გასვლას შეეცადნენ. სადარბაზოს შიგნიდან კარის გაღება ვერ მოახერხეს და მინები ჩაამსხვრიეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ნივთების წაღება ვერ მოასწრეს.

უახლოეს დღეებში 38 წლის ქართველი მამაკაცის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ, გამოძიებას ბერძენი სამართალდამცველები ძარცვის მუხლით აწარმოებენ. 

დღის ამბები