30 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
გარემოვაჭრეების მხარდაჭერა ლაშა ჩხარტიშვილს - "ლეიბორისტული პარტიის" წევრის პროცესი 8 იანვრამდე გადაიდო

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ და ისევ ადმინისტრაციული წესით პარლამენტის წინ დააკავეს. ლაშა ჩხარტიშვილი აქტივისტებთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას და რესპუბლიკის მოედნიდან გარემოვაჭრეების პარლამენტის წინ გადმოყვანის მცდელობას და აპროტესტებდა.

გაირკვა, რომ "ლეიბორისტული პარტიის" წევრს დახმარებისათვის გარემოვაჭრეებმა მიმართეს, რომლებიც ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად დღეს საქალაქო სასამართლოშიც მივიდნენ.

საქალაქო სასამართლოში გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. აქტივისტებმა ჩხარტიშვილის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. სასამართლოში პარტიის წევრის მხარდასაჭერად მივიდა შალვა ნათელაშვილიც.

ჩხარტიშვილის დაკავების საქმეზე პროცესი მოსამართლემ 8 იანვრამდე გადადო. მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარემ ის ვიდეომასალა უნდა წარმოადგინოს, სადაც ჩხარტიშვილის მიმართ ერთ-ერთი სამართალდამცველის მხრიდან ძალადობა იქნება აღბეჭდილი, ბრალდებამ კი ვიდეომასალით უნდა დაამტკიცოს ჩხარტიშვილის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი. 

თბილისი მერიის შენობასთან აქტივისტები აქციას ხვალ გამართავენ. ისინი პარლამენტის წინ ატრაქციონების განთავსებას და გარემოვაჭრეებისათვის რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის აკრძალვას გააპროტესტებენ.

მერიამ დღეს მათ უკვე უპასუხა. დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის მოედანი ქალაქის ცენტრი და ერთ-ერთი ტურისტული წერტილია და იქ უწესრიგობასა და ქაოსურ გარევაჭრობას არ დაუშვებენ. გარემოვაჭრეებს მერიამ ალტერნატივის სახით პარლამენტის წინა ტერიტორია კიდევ ერთხელ შესთავაზა.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე.  

 

დღის ამბები