30 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
წნორში მოკლული 50 წლის ქალი - პოლიცია ბრალდებულის დედამ მას შემდეგ გამოიძახა, რაც სახლი დაკეტილი დახვდა

წნორში 50 წლის ქალი მისივე დისშვილმა სავარაუდოდ ჯერ სცემა შემდეგ კი მოკლა. დისშვილის მხრიდან დეიდაზე ძალადობის მოტივად ძარცვა სახელდება.

ამ ვერსიას არ გამორიცხავენ არც მოკლულის მეზობლები, რომლებიც ამბობენ, რომ სახლიდან ძვირფასეულობა და ფულია წაღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ჩხუბი უძღოდა. თუმცა "კურიერთან" საუბარში მეზობლები ამბობენ, რომ დაპირისპირების და ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

მათივე თქმით, ამ ფაქტის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულის დედისგან შეიტყვეს, რომელიც დასთან ერთად ცხოვრობდა. სახლში დაბრუნებულს კარი ჩაკეტილი, და კი მოკლული დახვდა. პოლიციაც თავადვე გამოიძახა.

მეზობლებს უჭირთ გაიხსენონ  ჰქონდათ თუ არა დეიდას და დისშვილს სხვა დროსაც კონფლიქტი. მათი თქმით, მოკლულის დისშვილი ადრე დედას და დეიდას ხშირად აკითხავდა, ბოლო პერიოდში კი ის მეზობლებს დეიდასთან სტუმრად არ შეუმჩნევიათ.

მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ გარდაცვლილის ერთადერთი შემოსავალი პენსია იყო.

ის რაზეც მეზობლები არ საუბრობენ დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, მოკლულის სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო და მიიმალა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები