30 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
სამდღიანი იძულებითი განშორება დასრულდა, პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ გაიხსნა. 30 დეკემბრიდან მიმოსვლის დროებითი აკრძალვა საოკუპაციო რეჟიმმა სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მოტივით ახსნა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ფაქტით ოკუპანტები ოსებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას ხელს უშლიან. უთანხმოების მიუხედავად, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს დარჩენილებს დღემდე მჭიდროდ აკავშირებდა მეკვლეობის ტრადიცია.

მიმოსვლის ხშირი აკრძალვის პარალელურად, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს. მათი თქმით, შექმნილი ვითარების გამო, მალე სოფლები ახალგაზრდებისგან დაიცლება.

ქარძმანი-პერევის მონაკვეთზე მიმოსვლის აკრძალვა 30 დეკემბრიდან დღემდე მოქმედებდა, ახალგორის გადასასვლელები კი უკვე 4 თვეა ჩაკეტილი რჩება. საოკუპაციო რეჟიმმა ოჯახები ერთმანეთისგან გახლიჩა და მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა.

საოკუპაციო რეჟიმს ახალგორში მოსახლეობა ფაქტობრივად ტყვეობაში, შიმშილის ზღვარზე ჰყავს. ადამიანის ფუნდამენტური უფლება, გადაადგილების თავისუფლება უკვე 4 თვეა უხეშად ირღვევა.

ვიდრე ახალგორის მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმის მავთულხლართების ალყაში რჩება, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მუშაობის გააქტიურებას აანონსებს. ევროპასთან გახსნილი საზღვრები, საგანმანათლებლო პროგრამები - საგარეო საქმეთა მინისტრი სხვადასხვა პროექტში ჩართვას აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს სთავაზობს.

ახალგორის გადასასვლელები საოკუპაციო რეჟიმის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში ჩაიკეტა. ამ ფორმით ოკუპანტებმა ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს მშენებლობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ვიდრე პერიმეტრს სამართალდამცველები არ დატოვებენ, გადაადგილების შეზღუდვა არ მოიხსნება.

საქართველოს ხელისუფლება კი ადგილზე პოლიციის ბლოკ-პოსტის არსებობას უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებლად მიიჩნევს და მის გაუქმებას არ აპირებს.

 

დღის ამბები