30 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
2019 წელს საქართველოში ყველაზე მაღალი ფასები დაფიქსირდა - საქსტატი ახალი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

2019 წელი ინფლაციის გამო ყველაზე ძვირი წელი იყო, პროდუქტების დიდი ნაწილი იმდენად გაძვირდა, რომ მოსახლეობას  ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა გაუჭირდა.

საქსტატში ამბობენ, რომ ფასების და ინფლაციის ზრდის მაჩვენებელი ასეთი მაღალი 2017 წლის შემდეგ არ ყოფილა.

წინა წელთან შედარებით 15,6 %-ით გაძვირდა თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები.

6.3% წლიური და 0.4% - წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდა განსაკუთრებით მძიმედ აისახა დაბალბიუჯეტიან ოჯახებსა და პენსიონერებზე.

ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სადღესასწაულოდ პროდუქტები ბაზარში შეიძინონ "კურიერთან" უკმაყოფილებას არ მალავენ, მათი თქმით, საყოფაცხოვრებო ნივთები, ხორცპროდუქტები და ხილ-ბოსტენული ძალიან გაძვირებულია.

მზარდი ფასების და ინფლაციის ფონზე ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევით შესაძლოა ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულზე დავიდეს, თუმცა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება.

საქსტატმა დღეს მხოლოდ 2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემები წარმოადგინა, სადაც ფასების ზრდის და ინფლაციის მაჩვენებელი, წინა თვის, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შეადარეს.

მომდევნო კვირის განმავლობაში უწყება დეტალური ანგარიშის პრეზენტაციას გეგმავს, სადაც 2019 წლის ყველა მნიშვნელოვანი ტენდენცია შეჯამდება.

დღის ამბები