30 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
გრიპის ვირუსით მძიმე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია, მიმართვიანობა გაზრდილი - რა რეკომენდაციებს იძლევა NCDC

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, სეზონური გრიპით დაავადებულთა მძიმე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით წელს შემცირებულია, წინა წელს ეს მაჩვენებელი 49% იყო ახლა კი 19 %-ია, თუმცა საკმაოდ გაზრდილია საერთო მიმართვიანობა. 100 ათას მოსახლეზე შარშან იყო 277, წელს კი 312. ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსი. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსი არის საშუალო სიმძიმის და 77 %-ია დღეს მისი მაჩვენებელი საქართველოში, 11 % უკავია H1 და H3 ტოპის ვირუსებს.

"გრიპი არაპროგნოზირებადია, შეიძლება ვთქვათ, რომ გრიპი იანვარი, თებერვალი, მარტი, შეგვაწუხებს, ამიტომ სიმშვიდეს არ უნდა მივეცეთ და ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებთ, პროფილაქტიკური ღონისძიებები, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, რომ სტრატეგიულ მარაგში გვაქვს ვაქცინა, რომელსაც მივმართავთ მაღალი რისკის ჯგუფებზე, განსაკუთრებით ორსულებზე. ამავე დროს ზოგადი გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, ხელის ჰიგიენა, ხშირი დაბანა, განიავება, სველი წესით დალაგება.

თუ არის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით ბავშვებში, ერთი დღის განმავლობაში 38.5-ზე მეტი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულებით,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში ასევე ინფექციურ საავადმყოფოშიც, სადაც ყოველდღიურად საშუალოდ 25 პაციენტი მიდის კონსულტაციაზე, ამ ეტაპზე კი 11 პაციენტი გადის მკურნალობას:

"80% მოზრდილი კონტიგენტია, თუმცა ბავშვებიც თავსდებიან, დროულად დაწყებული ადეკვატური თერაპია, რასაც ჰქვია ანტივირუსული მკურნალობა და სწორად ჩატარებული პათოგენეზური თერაპიის ფონზე ჩვენთან გართულებები ძალიან იშვიათია," -აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია.

დღის ამბები