30 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ხანძარი ავსტრალიაში - ცეცხლმა ქვეყნის მოსახლეობას, ფლორას და ფაუნას დიდი ზარალი მიაყენა

ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრების კვამლმა ახალ ზელანდიას მიაღწია. ქალაქი კუკი ყვითლად დაკვამლიანდა, ეროვნულ პარკში მყინვარმა ნამწვავი ფერფლის გამო ყავისფერი შეფერილობა მიიღო. ავსტრალიაში კი ცეცხლის გამო ცა გაწითლდა, ხანძარმა ქვეყნის მოსახლეობას, ფლორას და ფაუნას დიდი ზარალი მიაყენა.

"ცაში ავიხედე და შავი ფოთლები დავინახე, ეს შავი ფოთლების წვიმას ჰგავდა. მივხვდი, რომ ცეცხლი გვიახლოვდებოდა, მივხვდი რომ საშინელება მოხდებოდა, ხედავთ ალბათ, რომ სახლის ნაწილი დამეწვა," - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ავსტრალიაში ძლიერმა ხანძარმა უკვე 18 ადამიანი იმსხვერპლა. 20-ზე მეტი ავსტრალიელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის არიან მოხალისე-მეხანძრეები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მთავრობამ კიდევ ერთი კვირით გააგრძელა და ადამიანების იძულებით ევაკუაციის ბრძანებაც გასცა.

"ჰაერის ტემპერატურა ისევ აიწევს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს, ბოლო დღეებში ბევრი სირთულე დავძლიეთ, იმის გათვალისწინებით, რაც წინასაახალწლო დღეებში გადავიტანეთ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 7 დღით გავაგრძელეთ. საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა სამსახურს მოვუწოდებ იძულებით განახორციელონ ხალხის ევაკუაცია. გადაიკეტება გზები. ჩვენ, სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოსახლეობის სიცოცხლე დავიცვათ," - აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის პრემიერი გლადის ბერეჯიკლიანი

ხანძრების მართვის კომისრის შეინ ფიცსიმონსის თქმით, ტემპერატურა მომავალ დღეებში მოიმატებს და ქარიც გაძლიერდება:

"შაბათისთვის ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, ავსტრალიის ცენტრიდან ჩვენკენ ცხელი ჰაერის მასები მოემართება, ტენიანობა დაბალია, ქარიც გაძლიერდება, შაბათისთვის მისი სიჩქარე 70 კილომეტრ საათს მიაღწევს. ეს კი ხანძრების გავრცელებას ხელს შეუწყობს და შესაძლებელია ევაკუაცია უკვე დაგვიანებულიც გახდეს,"- აცხადებს ფიცსიმონსი

ავსტრალიის ორი შტატიდან, ახალი სამხრეთ უელსიდან და ვიქტორიადან ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას სამხედრო ვერტმფრენებს და სამხედრო ფლოტის ბრიგადებს გაჰყავდათ.

"დღეს ჩვენ 500 ადამიანი მალაკუტადან გამოვიყვანეთ. ზოგს არ უნდა საკუთარი სახლის დატოვება, მათთან წყალი და საკვები მიგვაქვს. ჩვენ ხალხი ზღისკენ გაგვყავს. მათ ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, ვურჩევთ გზებს, თუ როგორ დატოვონ სტიქიის ზონა" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის კომისარი კრის სტეფერსონი

ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძარმა 200-ზე მეტი სახლი და ასობით ავტომობილი გაანადგურა. ცეცხლმა გზები გადაკეტა, ამის გამო მაშველები მოსახლეობას წყლით და საკვებით ვეღარ ამარაგებენ.

"ყველა ცდილობს აქაურობას გაეცალოს, დაგვიმთავრდა საჭმელი, წყალიც არ მოგვეწოდება. მაშველები ცდილობენ ყველა დღესვე გაიყვანონ. თუ ხვალ დილამდე ყველას არ გაგვიყვანენ, არ ვიცი რა უნდა ვქნათ, სად წავიდეთ?" - აცხადებს ადგილობრივი.

ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროებზე გაჩენილი ხანძრების გამო ავსტრალიის დედაქალაქი კვამლშია გახვეული. ეკოლოგები აცხადებენ, რომ კანბერაში მსოფლიოში ყველაზე რთული მდგომარეობაა. ჰაერი მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ქალაქში გადაადგილება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, დაიხურა სკოლები, მაღაზიები და საწარმოები.

მელბურნიდან 280 კილომეტრში ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, ცეცხლი დასახლებულ რაიონებს სწრაფად უახლოვდება. მაშველები ადგილობრივ მოსახლეობამდე მისვლას ცდილობენ, მათ მუშაობას ძლიერი ქარი ართულებს. ავსტრალიაში ტყეს ცეცხლი სექტემბრის შემდეგ უკიდია. ხანძარმა გაანადგურა თითქმის 5 მილიონი ჰექტარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში ცეცხლის ახალი კერები ისევ ჩნდება.

დღის ამბები