30 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
პიროტექნიკით დაშავებულები - იაშვილის კლინიკაში შვიდ ბავშვს ოპერაცია დასჭირდა

სპეციალისტების არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები წელსაც დაფიქსირდა. 112-ში ამ პრობლემით 124 ზარია შესული. 

თბილისის გარდა, მოქალაქეები ასაფეთქებლის გამოყენების დროს დაშავდნენ სხვა ქალაქებშიც. რუსთავის საავადმყოფოში 3 ადამიანი მიიყვანეს, მათგან ერთი ბავშვია. სამივეს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

"ჩვენს კლინიკაში საახალწლო ასაფეთქებლებით დაზიანებული სამი ბავშვი იმყოფება, მათ უტარდებათ მკურნალობა, სამივე მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, ამ ეტაპზე ბავშვები კარგად არიან და თავს გრძნობენ მშვიდად," - განაცხადა კლინიკა "რუსთავის" მორიგე მედდამ, ლიანა ღოღობერიძემ.

იაშვილის კლინიკაში დაზიანებით 8 ბავშვი მოხვდა, მათგან შვიდს ოპერაცია დასჭირდა. ყველა მათგანს კიდურები აქვს დაზიანებული. ერთ მცირეწლოვანს კი კიდურების ამპუტაციაც დასჭირდა.

"პირველი იანვრის ღამეს, ჩვენს კლინიკას 8 პაციენტმა მომართა, მათ შორის ერთს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა, რომელიც სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდა, დანარჩენი შვიდი პაციენტი მოთავსდა სტაციონარში და ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდათ," - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგმა, თინათინ ანთაძემ.

დღის ამბები