30 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ხმაურიანი და სკანდალური ქართული პოლიტიკა - "კურიერმა" 2019 წლის მოვლენები შეაჯამა

2019 საქართველოსთვის საკმაოდ მძაფრი და დაძაბული წელი გამოდგა. წლის პატიმარი საოკუპაციო რეჟიმმა ახალ წლამდე 3 დღით ადრე გამოუშვა. პაციენტის დასახმარებლად ოკუპირებულ ახალგორში გადასული ექიმი, 50 დღის შემდეგ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გმირის სტატუსით დაბრუნდა. საერთაშორისო ზეწოლამ იმუშავა - ექიმი თავისუფალია.

2019 წელი კი ისევ რუსეთის მარცხით დაიწყო... წლის დასაწყისში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რუსეთი გაამტყუნა.

2019 წელი რთული აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის. ხელისუფლებაში 7-წლიანი ყოფნის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" წელს ყველაზე მასშტაბური რღვევა დაიწყო. უზენაესი მოსამართლეების სიაზე დაპირისპირების გამო მართველი გუნდი პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ და მასთან ერთად რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიღებას მოჰყვა გუნდიდან ლევან კობერიძის წასვლა, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას კი ბექა ნაცვლიშვილის. მმართველი გუნდი მალევე კიდევ 2 წევრის გარეშე დარჩა, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური, შემდეგ კობა ნარჩემაშვილიც წავიდა. ნებაყოფლობით წასულებს შეუერთდა გარიცხული ბიძინა გეგიძე. დეპუტატის მანდატი საერთოდ დატოვა შოთა შალელაშვილმა, თუმცა ეს პარლამენტში გადაადგილებების მხოლოდ დასაწყისი იყო.

ვიდრე პარლამენტში გადანაცვლებები მიმდინარეობდა, პოლიტიკაში დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი.

პირველი ხმაურიანი აქცია, სადაც ხელისუფლებას სპეცრაზმის გამოყვანა დასჭირდა პანკისის ხეობა იყო. მოსახლეობა "ხადორჰესი 3"-ის მშენებლობას აპროტესტებდა. დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი. ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ამ მოვლენების შემდეგ გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

ზუსტად ერთ თვეში მოვლენების შუაგულში მოექცა სამეგრელო. ზუგდიდი შუალედურ არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ცენტრი გახდა. საბოლოოდ ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმების 42, ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი შენგელიამ კი 54% მიიღო და გაიმარჯვა.

TBC ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის მიზეზი გახდა. ხაზარაძე-ჯაფარიძე პროკურატურამ ფულის გათეთრებაში - ბიზნესმენებმა კი გიორგი გახარია მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულეს.

ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას მოყვა ინვესტორების გაჩერება. ანაკლიის პორტი, რომელზე მუშაობაც წელს უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე პროექტად რჩება და მისი მომავალი ბუნდოვანია. სამაგიეროდ დაფუძნდა "ლელო".

საზოგადოებრივს მოყვა პოლიტიკური მოძრაობაც, მამუკა ხაზარაძე გუნდთან ერთად ახლა არჩევნებისთვის ემზადება.

კადრი სადაც სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის საქართველოს თანამედროვე ისტორიაში აუცილებლად შევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატის მოხვედრა, ამის შემდეგ ყველა კრიზისისა და სკანდალის სათავე გახდა.

გავრილოვის პარლამენტში ყოფნას მოჰყვა პროტესტი შენობის შიგნით და შენობის გარეთ. წლის ყველაზე მასშტაბური აქცია ღამით სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. რამდენიმე საათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ ხელისუფლებამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა რეზინის რამდენიმე სახეობის ტყვიები გამოიყენეს. გაუშვეს გაზი და წყლის ჭავლი. თვალი დაკარგა 3-მა, დაშავდა 275 ადამიანი.

მძიმე ღამის მომდევნო დღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, ღონისძიების ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი საპარლამენტო მანდატი დათმო.

საკადრო ცვლილებები საკმარისი არ აღმოჩნდა, სისხლიანი ღამის გამო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდა, საპასუხოდ "ქართულმა ოცნებამ" წლის დაპირება გასცა - 2020 არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

ბიძინა ივანიშვილის დაპირების შემდეგ რამდენიმე თვეში პრემიერი გახდა გიორგი გახარია, პროკურატურამ კი 20 ივნისის აქციაზე გამოძიება ამბოხების მუხლით დაიწყო, თუმცა ოპოზიციის ლიდერებს ბრალი ძალადობის ორგანიზებასა და პარლამენტში შეჭრის მცდელობაში დასდო. ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს, პარლამენტმა კი ამ საქმის გამო დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. რამდენიმე თვეში კი, ნიკა მელიას "ქართუ" საქმის გამო დამდგარი განაჩენის შემდეგ, მანდატი საერთოდ ჩამოერთვა.

მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა დაიწყო. სამთვიანი პროცესის შემდეგ კი საჯაროდ ყველა მაღალი ტრიბუნიდან დადებული პირობა "ქართულმა ოცნებამ" საბოლოო კენჭისყრაზე ჩააგდო, მიზეზი მაჟორიტართა ე.წ ამბოხება გახდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას "ქართული ოცნებიდან" დეპუტატების წასვლის ახალი ტალღა მოყვა. უმრავლესობა იმ დღესვე დატოვა 6-მა, მომდევნო დღეებში კი კიდევ 8 წევრმა, მათ შორის ორი ვიცე-სპიკერი და კომიტეტის ოთხი თავმჯდომარე იყო.

რუსთაველის გამზირი ისევ აქციებმა მოიცვა. ე.წ დაბოქლომებისა და პარლამენტის შენობის პიკეტირების საპასუხოდ სამართლადამცავებმა ისევ ძალა გამოიყენეს და აქტივისტები წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალეს.

პროცესებმა პოლიტიკური ძალები გააერთიანა, 30-მა პარტიამ "გერმანული მოდელზე" დაფუძნებული საკანონდებლო ცვლილებები წარმოადგინა. 14-დღიანი დაძაბულობისა და აქციების შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას დიპლომატების მედიატორობით მიუჯდა.

დღემდე ჩატარებული მოლაპარაკების ოთხივე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მომდევნო შეხვედრა იანვარში იგეგმება.

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადება. სინოდის სკანდალურ სხდომას ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე მხილებათა სერია მოჰყვა. სინოდის სკანდალურ სხდომას წინ უძღოდა მეუფე იაკობის ასევე სკანდალური განცხადება.

აპრილში ვითარება დაიძაბა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გარეჯის მონაკვეთზე. დავით გარეჯის მონასტრის ნაწილში შეიზღუდა გადაადგილება. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდოდ პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.

"სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა ეს არ ყოფილა წლის განმავლობაში პრეზიდენტის ერთადერთი გამონათქვამი, რომელსაც პრობლემები მოყვა. იყო განცხადებები ქართულ ჯარზე და და ამერიკულ ბაზებზე. ყველაზე ხმაურიანი კი ზურაბიშვილის მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებები აღმოჩნდა. პრეზიდენტმა ციხიდან მძიმე მუხლით მსჯავრდებულები გაათავისუფლა. საქმეზე გამოძიება დაიწყო, ზურაბიშვილმა კი შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ასობით პატიმარი პროცესის განახლებას ამ დრომდე ელოდება.

წელს ქვეყნის ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და სიმბოლური გასაღები 2020 წლის 15 მაისამდე ჩაიბარა. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ხელისუფლებამ თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქციით აღნიშნა.

კიდევ ერთი საერთაშორისო მოვლენა, რომელიც ქვეყნისთვის წელს ნამდვილი წარმატება იყო, ამერიკის სენატის მიერ მიღებული ორპარტიული მხარდაჭერის აქტი.

ქვეყნის საზღვრებს გაცდა ლევან აკინის ფილმის წარმატება, რომელიც ოსკარის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში 91 ფილმს შორის იყო წარდგენილი. ფილმის პრემიერას საქართველოში ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. უსიამოვნო სუნისა და დარბაზში დასხმული გაურკვეველი ნივთიერების გამო რამდენიმე დეპუტატმა და პარლამენტის თანამშრომელმა ​სხდომათა დარბაზი დატოვა, სხდომა ჩაიშალა, შემდეგ განახლდა და პარლამენტმა 14 უვადო მოსამართლეც აირჩია.

2019 წელი "რუსთავი2"-ის ისტორიაში ყველაზე რთული აღმოჩნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ არხი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა - რის შემდეგაც შეიცვალა მენეჯმენტი. არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და რამდენიმე წამყვანის გაშვებას კი "კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობის წასვლა მოჰყვა. არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "რუსთავი 2" განახლებული გუნდით მაყურებელს ერთ თვეში დაუბრუნდა. "რუსთავი 2"-ის 25 წლიანი ისტორია გაგრძელდა.

დღის ამბები