30 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
რიგითი მოქალაქეობიდან გმირობამდე - 2019 წლის პერსონები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შექმნეს

ადამიანები, რომლებმაც 2019 წელის საქართველოს ისტორია შექმნეს და საზოგადოებას თავი საკუთარი ქმედებებით განსაკუთრებულად დაამახსოვრეს. ამბავი, რომელმაც მთელი ქვეყანა და ქვეყანასთან, ერთად მთელი თუ არა, ნახევარი მსოფლიო გააერთიანა, ერთი კაცის ისტორიით დაიწყო, ეს კაცი - ვაჟა გაფრინდაშვილია. ქართველი ექიმი, რომელიც ოკუპანტებმა დააკავეს. 

პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული და ტყვეობაში ჩავარდნილი მედიკოსი, ჯერ თეთრი ხალათის ჩაცმას არ ჩქარობს. 2019 წლის ყველაზე პოპულარული ქართველი ექიმი, ახალ წელს ისევ სახლში, ოჯახთან ერთად ხვდება.

განსხვავებული და გარდამტეხი აღმოჩნდა 2019 წელი მაკო გომურისთვის. ახლა ის თვალის გარეშე ცხოვრებას სწავლობს. 2020-ში კიდევ ორი ოპერაცია აქვს დაგეგმილი. ახალ რეალობასთან შეგუებაში მას ოჯახის წევრები ეხმარებიან.

წლის ყველაზე ხმაურიანი ფილმის ყველაზე სკანდალური მსახიობი პრემიერის დღეს იხსენებს. ლევან გელბახიანი ამბობს, რომ ყველაზე რთული თვითმფრინავში გატარებული 14 საათი აღმოჩნდა.

30-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი 2019 წლის ქართულ-შვედურ-ფრანგული დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა და ყველა სექციის 9 საუკეთესო ფილმს შორის დასახელდა, ალმადოვარისეგერსის და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრების გვერდით, უკვე გაიყიდა 40-მდე ქვეყანაში. ფილმი მსოფლიოს მასშტაბით 50-მდე ფესტივალზეა წარმოდგენილი.

პრემიერებით და წარმატებით დატვირთული 2019 წელი, ქართული კინოსთვის მძიმე დანაკლისით დასრულდა. წლის ბოლო თვეს, 7 დეკემბერს, 53 წლის ასაკში, ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძეს განსაკუთრებული პოპულარობა "მანდარინებმა" მოუტანა, რომელიც "ოქროს გლობუსის" და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე იყო ნომინირებული.

2019 წელს ქვეყანა გია ყანჩელს დაემშვიდობა. ქართველ კომპოზიტორს, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

"რუსთავი 2"-ის არქივი გია ყანჩელის არაერთი ინტერვიუს ინახავს. მაესტრო ბოლომდე ამბობდა, რომ ყოველთვის ღელავდა და პრეტენზიებიც ჰქონდა საკუთარ თავთან. იყო თემები, რომლებიც სიცოცხლეშივე გენიოსად აღიარებულმა კომპოზიტორმა, როგორც თვითონ ამბობდა, მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ გაბედა.

ოთხგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ წელს ისევ ყველა რეკორდი მოხსნა, როგორც სპორტულ შეჯიბრებებზე ასევე აღიარების კუთხით. 2019 წელს ლაშა ტალახაძე ისევ ქვეყნის ნომერ პირველ სპორტსმენად დასახელდა.

2019 წელს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული, "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ფინალში მოხვდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საშუალო სკოლის მასწავლებელი, ლადო აფხაზავა.

 

 

დღის ამბები