პარლამენტის წინ დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, პროცესები კი იანვრის თვეში გადაიდო. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პოლიციამ წუხელ პარლამენტის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, ბრალდებას არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია:
"სამარცხვინო პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა პროცესზე უფრო სამარცხვინო იყო დაკავების მომენტი, ოქმის გაფორმების არასწორი და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სხვა ადამიანმა დამაკავა და სხვა ადამიანი მიმტკიცებს სასამართლოში, რომ თითქოს მან დამაკავა.ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის დასრულებული," - განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა ნოდარ რუხაძემ.
რაიმე დარღვევას უარყოფს "სირცხვილიას" წევრი ზუკა ბერძენიშვილიც.
"არა მგონია ვინმეს დარჩენოდა ეჭვი, რომ იქ არც ადმინისტრაციულ, არც სიმბოლურ დარღვევას ადგილი არ ქონია," - აცხადებს ზუკა ბერძენიშვილი.
იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც 4 დაკავებულის ადვოკატია, ხაზს უსვამს იმას, რომ დაკავებულთა დაკავების ოქმები ოთხივე შემთხვევაში იდენტურია:
"არის დაკავების და სამართალდარღვევების ოქმები რომელშიც ასახულია მსგავსი ტექსტი, მე 4 პირს ვიცავ და ტექსტი არის იდენტური, რომ პირები იგინებოდნენ უმისამართოდ და პოლიციის მოთხოვნაზე შეეწყვიტათ გინება არ დაემორჩილნენ, ხოლო დაკავების დროს გაუწიეს პოლიციელებს წინააღმდეგობა," - განაცხადა მშვენიერაძემ.