საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყო ქუთაისშიც. ცისფერყანწელთა ქუჩაზე საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც ელფების ფლეშმობი და საბავშვო კონცერტი გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში ანიმაციური გმირების პერსონაჟები დადიან და მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავენ. ქუთაისელებს ახალი წელი ქალაქის მერმაც მიულოცა.
"ქუთაისს და სრულიად საქართველოს მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. წარმატებული ყოფილიყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის 2020 წელი.
დღეს ქუთაისში განსაკუთრებული ღონისძიებები გვაქვს, ძირითადი აქცენტი გვაქვს ბავშვებზე და საბავშვო ღონისძიებებია. გვაქვს დღის კონცერტი, ასევე 22:00 საათზე გვექნება გალა-კონცერტი, რომელიც დასრულდება ფოიერვერკით,"- უთხრა "კურიერს" ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარაიამ.
საახალწლო განწყობაა ახალციხეშიც. ცენტრალურ პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. კონცერტზე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოვიდნენ.
დღესვე ახალგაზრდა სპორტსმენების და ინტელექტუალურ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. მათ დიპლომები და ფულადი პრიზები გადაეცათ. ახალციხელებისთვის დღეს მუსიკალური ჯგუფი რეზო და ბავშვებიც მღეროდა.