30 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ დავით ასათიანი პირველ კომენტარს აკეთებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე "კურიერთან" ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. დავით ასათიანი მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. რამდენიმე დღის წინ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც, მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილისა და დავით ასათიანის შეხვედრაა ჩაწერილი, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ევროპაში შედგა და სადაც "ომეგა ჯგუფის" ყადაღის მოხსნის საკითხი განიხილებოდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე "კურიერთან" ჰყვება, რომ "ომეგა ჯგუფი" უკვე წლებია, მისი კლიენტია და ყოველთვის ამ კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით და მათთან შეთანხმებით მოქმედებდა.

ასათიანი აცხადებს, რომ დაუშვებელია ფარული ჩანაწერებით მანიპულირება და ფალსიფიკაცია. არ არის გამორიცხული, ადვოკატმა ევროკავშირის უწყებებს მიმართოს იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდა კომუნიკაციის ფარულობის დარღვევა.

“ომეგა ჯგუფის კომპანიების ადვოკატები ვართ ჩვენ დაახლოებით 17 წლის განმავლობაში და მთელი ამ პერიოდი განმავლობაში მე, როგორც ადვოკატი მანამდე და ჩემი საადვოკატო ბიურო, რომლის პარტნიორიც ვარ დღემდე, ახორციელებს დაახლოებით 30-მდე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე მათი ინტერესების დაცვას. საშიშად მეჩვენება, ზოგადად მართლმსაჯულებისათვის ადვოკატებისა და კლიენტების კომუნიკაციის ფარულობის რაიმენაირად შეზღუდვა. ეს ხელს უშლის, რეალურად, მართლმსაჯულების განხორციელებას, რადგანაც პროფესიული საიდუმლოება და კლიენტისა და ადვოკატების კომუნიკაცია არის სრულიად კონფიდენციალური სფეროს ნაწილი. მე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ ვერც ყოფილ, ვერც ამჟამინდელ კლიენტებთან დაკავშირებულ რაიმე სახის დეტალურ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად დავინტერესდეთ, თუ როგორ მოხდა ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის გასაჯაროება ევროკავშირის ქვეყნებში და ამის გამოსარკვევად, ვფიქრობთ, მივმართოთ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს,“ - აცხადებს დავით ასათიანი.

დღის ამბები