30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
კარასინი და კოსაჩოვი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგებაზე ალაპარაკდნენ

ჩაკეტილი გზების ფონზე მოსკოვიდან დიპლომატიური თანამშრომლობის და დიალოგის აუცილებლობის მოწოდებები ისმის.

რუსეთ - საქართველოს ურთიერთობების დალაგებაზე დღეს გრიგორი კარასინი და კონსტანტინ კოსაჩოვი ალაპარაკდნენ, რასაც, ბუნებრივია, საქართველოში პოლიტიკური პარტიების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები რუსეთის პრეზიდენტის საახალწლო მილოცვას დაემთხვა. პუტინმა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად, ახალი წელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებს მიულოცა. სამაგიეროდ, პუტინის ჩამონათვალში არ მოხვდნენ საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის არც ერთი ქვეყანა.

კონსტანტინ კოსაჩოვის ინიციატივას - მოსკოვმა და თბილისმა დიალოგის შესაძლებლობები მოძებნონ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ, საქართველოში მწვავე განცხადებები მოჰყვა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ წარსულის დავიწყების ხარჯზე რუსეთთან რაიმე სახით დიალოგი დაუშვებელია და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ეს განცახდება იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაა. 

მოსკოვთან დიალოგს ერთადერთ სწორ გამოსავლად ხედავენ "პატრიოტთა ალიანსში", სადაც ამბობენ, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზა სწორედ ოკუპანტთან საუბარია. 

მხოლოდ დეოკუპაციის საკითხს განიხილავს მმართველი გუნდის ნაწილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობად. სხვა შემთხვევაში ამბობენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვთან საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით უნდა განაგრძოს საუბარი. 

წარსულის დავიწყების ფონზე რუსეთთან დიალოგის დაწყების წინააღმდეგი არიან ექსპერტები. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია საოკუპაციო ხაზებთან ყოველდღიურად მწვავდება. 

დღეის მდგომარეობით, საქართველო რუსეთთან მხოლოდ 2 ფორმატში აწარმოებს დიალოგს, ერთი - ეს არის ჟენევის, სადაც საქართველო და რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საუბრობენ, ხოლო მეორე ე.წ აბაშიძე-კარასინის ფორმატია.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები