10 დღეა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, თუმცა ექიმი ამბობს, რომ უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.
არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში პირველი პრეზიდენტის შვილის საზღვარგარეთ გადაყვანაც მოხერხდეს - ამაზე დღეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ განაცხადა.
რაც შეეხება გამოძიებას, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი - 3 პირი.
გალის ქუჩაზე პირველი პრეზიდენტის შვილის დაჭრის საქმესთან დაკავშირებით, ყოველდღე ახალი დეტალები ირკვევა, თუმცა რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც დაზარალებულის, ასევე, ბრალდებულის მხარეს.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკველობის ბრალდებით დაკავებული ღარიბაშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზარალებულს ყავარჯნებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ამბობს, რომ ხელჯოხით ღარიბაშვილს დაჭრილი ცოტნეც გაუსწორდა. ინტერესების დამცველმა დღეს ჟურნალისტებთან დაკავებულის ჯანმრთელობის გაუარესებაზეც ისაუბრა.
იმას, რომ ცოტნე გამსახურდია თავდამსხმელს ჯოხით იგერიებდა, ადასტურებს დაზარალებულის მეუღლე. თუმცა ანა ჯაბაური ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც გამსახურდიას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა უკვე მიყენებული ჰქონდა. ჯაბაურის განმარტებით, ამ ფაქტს ბევრი თვითმხილველიც ჰყავს.
ცოტნე გამსახურდიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია, იმიჯის შელახვა და დანაშაულის პროვოცირებაში დაზარალებულის დადანაშაულება - ასე აფასებს გამსახურდიას ადვოკატი ბრალდებულების ვერსიებს. საპასუხოდ კი დაკავებულების ადვოკატებს იმ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, რომელიც გამოძიებას ნეიტრალური მოწმეებისგან აქვს მიღებული.
პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება და ცოტნე გამსახურდია მკურნალობას უახლოეს დღეებში საზღვარგარეთ გააგრძელებს.