ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რამდენიმე საათი დარჩა ინვესტორის წარსადგენად. 31 დეკემბერი არის ბოლო დღე, როდესაც მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
კონსორციუმში უცვლელ პოზიციაზე არიან და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ ინვესტორი ჰყავთ. პარალელურად, ელოდებიან სახელმწიფოსგან შემხვედრ ნაბიჯებსაც.
"ჩვენი პოზიცია რჩება იგივე, რაც თქვენს ეთერში გავაკეთე. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ განცხადებისგან, როცა კომპანია გადაწყვეტს განცხადების გაკეთებას, აუცილებლად შეგატყობინებთ,"- უთხრა "კურიერს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.
"ის სამი თვე, რომლითაც გაგრძელდა ე.წ ვადა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან გამოყენებული იქნა არა იმისთვის რომ ინვესტორი რეალურად დაეინტერესებინათ და მათგან მხოლოდ ერთი რამე იყო საჭირო, მიეცათ აუცილებელი კომფორტი, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან ინვესტორის შემოსვლის, არამედ მთელი დრო დაუთმეს განცხადებებს, რომ ეჭვი ეპარებათ და კონსოციუმი ვერ განახორციელებს თავის ვალდებულებებს.
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ მთავრობის წარმომადგენლებისთვის, მთავარი არის ბიძინა ივანიშვილის სურვილის განხორციელება და ეს სურვილი გამოხატულია ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში,"-აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე.
ანაკლიის კონროქციუმის მიერ ინვესტორის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავა აცხადებს რომ, სახელმწიფომ კონსროქციუმს ორი წლის მანძილზე ყველა პირობა შეუქმნა, რომ პორტის მშენებლობა დაწყებულიყო.
"დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ერთი დღე დარჩა და შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ სამთავრობო გუნდში, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ უდიდეს პროექტს.
რამდენად აქვს რესურსი არსებულ ინვესტორს, რომ ამ პროქტში დარჩეს, მე პირადად დიდი კითხვის ნიშანი მაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დრო იყო საკმარისი. ინვესტორის მოთხოვნით, ორი წელი გრძელდებოდა ეს პროცესი და ორი წლის განმავლობაში უვადებდა მთავრობა და გვერდში ედგა ინვესტორს.
2020 წლის გაზაფხულზე, ჩვენ უკვე უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი. სამწუხაროდ, ამ ინვესტორთან ერთად ეს ვერ მოვახერხეთ. ამიტომ გავიდეს ერთ დღეც და შემდეგ ვიმსჯელებთ,"-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა, ნათია თურნავამ.