უკვე 2 თვეზე მეტია მეხანძრეები ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძარს ვერ აქრობენ. სტიქიის გამო ქვეყანაში ევაკუაციაა გამოცხადებული და საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტია, რაც ცეცხლის ჩაქრობას კიდევ უფრო ართულებს.
საგანგებო მდგომარეობაა ავსტრალიაში. ამ დროისთვის ცეცხლი 120-ზე მეტ კერას უკიდია. ტყის ხანძრების გამო ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. ვიქტორიას შტატში ათასობით ადამიანი შობის შემდეგ იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. ბოლო მონაცემებით სტიქიას უკვე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
დამწვარია მილიონობით ჰექტარი. განადგურდა ათასზე მეტი სახლი. მეხანძრეებსა და მოხალისეებს მუშაობა ურთულეს პირობებში უწევთ. ხანძრის მასშტაბურობისა და რთული სამუშაო პირობების გამო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მაშველების ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესს ხელს მაღალი ტემპერატურა და ქარი უშლის. მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ხანძრის მასშტაბი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ავსტრალიის ტყეებში 2 თვეზე მეტია მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. ხანძრების გამო კვამლშია გახვეული სიდნეი. ეკოლოგები ავსტრალიაში მაშტაბურ ხანძარს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.