30 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
რა გახდა ბაღის მასწავლებლის გარდაცვალების მიზეზი - 35 წლის ქალის სიკვდილს ახლობლები ოჯახურ ძალადობას უკავშირებენ

რა გახდა ბაღის მასწავლებლის გარდაცვალების მიზეზი - 35 წლის ქალის სიკვდილს ახლობლები ოჯახურ ძალადობას უკავშირებენ და ბრალდებებს დაღუპულის ქმარს უყენებენ. ახალგაზრდა მამაკაცი  პოლიციამ უკვე დააკავა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

შემთხვევა სოფელ შამგონაში მოხდა. ქალის ცხედარი მეზობლის ეზოში იპოვეს. ოჯახი ირწმუნება, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აქვს.

35 წლის ეკა მიქავამ, მეზობლის, სოფელ შამგონის მაჟორიტარი დეპუტატის სახლის დამხმარე ნაგეგობაში მოიკლა თავი.  გარდაცვლილი ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ზაზა ხუბუამ ნახა. დეპუტატი მომხდარზე საუბარს თავს არიდებს. საუბარი უჭირს ზაზა ხუბუას დედასაც.

სამეგრელოში მომხდარ სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს ორი განსხვავებული ვერსია აქვს. გარდაცვლილი ეკა მიქავას მამის თქმით, მის შვილზე ქმარმა ფიზიკურად იძალადა, რამაც ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ თვითმკვლელობა გადააწყვეტინა.
განსხვავებული ვერსია აქვს გარდაცვლილის ძმას. ნუკრი მიქავა ვარაუდობს, რომ მის დას მეუღლემ ჯერ სცემა, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო. 

გარდაცვლილი 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, ის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. სოფელ შამგონის ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ეკა ხუბუას ოჯახში არსებული კონფლიქტის შესახებ თანასოფლელებისგან იცოდა.

ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, პოლიციამ გარდაცვლილის მეუღლე, ბაკურ სორდია დააკავა. დაკავებულის ნათესავებს, მომხდარზე საუბარი არ სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შამგონაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო ბაკურ სორდიას აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს.

დღის ამბები