30 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"დემოკრატიული ტალღა მოსამართლეებს, რომლებიც გამობმულები არიან ივანიშვილზე, გაყრის შრომის ბაზარზე" - ზოდელავა

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სიასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან სისტემის პოლიტიზირების მცდელობაზე საუბრობს.

ოპოზიციაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევაში ყველაზე მთავარ ხარვეზს  იმაში ხედავენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ხელისუფლებასთან დაახლოებული კლანი არსებობს და კანიდატებიც, სწორედ მათი სურვილის მიხედვით შეირჩევა.

"ის შემადგენლობა, რომელსაც "ქართული ოცნება" სასამართლოში ამტკიცებს და შეშინებული ივანიშვილი ცდილობს რაღაც ბარიკადების აგებას სასამართლოში, ეს იქნება არა უვადო, არამედ მოკლევადიანი შემადგენლობა საქართველოში. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან პირველივე დემოკრატიული ელექტორალური ან სხვაგვარი ტალღა ამ მოსამართლეებს გაყრის შრომის ბირჟაზე, იმ მოსამართლეებს, რომლებიც პირდაპირ გამობმულები არიან ივანიშვილზე.

საზოგადოების ყველა ჯგუფი შეთანხმებულია იმაზე, რომ სასამართლოში გლობალური რეფორმა უნდა მოხდეს," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა მურთაზ ზოდელავამ.

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, ე.წ. კლანის მიერ გაკონტროლებულ სისტემას,  არაფერი საერთო არ აქვს არც კანონთან და არც მართლმსაჯულებასთან.

უმრავლესობა კი ამბობს, რომ შერჩევა ყველა პროცედურის დაცვით წარიმართა და წესი ქვეყნის კონსტიტუციას არ არღვევს.

"იყო შენიშვნები ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ჩვენ ყველა დეტალი გავითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებულიყო პროცესი," - აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

 

დღის ამბები