30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სია ისევ პროტესტის მიზეზია - მესამე სექტორი პროცესის ხარვეზებზე საუბრობს

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება ისევ პროტესტის მიზეზია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები საბჭოს ბრალდებებს უყენებენ. მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სიაა. 6 ვაკანტურ ადგილზე დასამტკიცებლად შერჩეული კანდიდატურები საბჭომ უკვე დაასახელა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კანდიდატები დაუსაბუთებლად შეარჩიეს და პროცესში ისევ ხარვეზები იყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განმარტებით, ასევე არათანაბარი დროა გამოყოფილი ცალკეული კანდიდატისთვის.

"საბჭომ უნდა დაასაბუთოს, რატომ მოსწონს მას ერთი კანდიდატი და არ მოსწონს მეორე. ამ შემთხვევაშიც ეს დასაბუთება არ ყოფილა. უბრალოდ ქულების დონეზე გადაწყდა, რაც არის აბსოლუტურად თვითნებური. იმ სიაში ბევრი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატია, რომელიც ფინალში ვერ ხვდება. ცალსახაა, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვენ," - აღნიშნა ანა დოლიძემ.

"სასამართლო კლანი ხელისუფლებასთან შეთანხმებით ცდილობს ხელში ჩაიგდოს უზენაესი სასამართლო. მათ პრინციპში უკვე ამას მიაღწიეს, პირველი დანიშვნის შემდგომ. სამწუხაროდ იგივე ხარვეზებია ახლაც, რაც იყო წინა შემთხვევაში. ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა გიორგი გვილავამ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის განმარტებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა "კლანის" წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში "მწვანე შუქი აუნთო," რათა კანდიდატები ისე შეარჩიონ, როგორც მათ სურთ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 6 ვაკანტურ ადგილზე საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა სია გამოავლინა. ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭომ შემდეგი ექვსი კანდიდატი შეარჩია: ილონა თოდუა - 10 ხმა; გენადი მაკარიძე - 10 ხმა; ნინო სანდოძე - 10 ხმა; პაატა სილაგაძე - 10 ხმა; გიორგი ტყავაძე - 11 ხმა; თეა ძიმისტარაშვილი - 10 ხმა. აღნიშნული კანდიდატები განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

აღნიშნული კანდიდატები იმ 50-კაციანი სიიდან შეირჩნენ, საიდანაც 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად ზაფხულში წარუდგინა. 20 კანდიდატიდან კი პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 გაამწესა.

სწორედ დარჩენილი 32-კაციანი სიიდან (რადგან ერთმა კანდიდატმა, ზურაბ აზნაურაშვილმა კანდიდატურა მოხსნა) საბჭომ დღეს პარლამენტისთვის წარსადგენი 6 კანდიდატი შეარჩია.

იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს უკვე გავლილი აქვთ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული ვაკანსიების შევსება კვლავ ვერ მოხდება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

სხდომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები