30 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
საახალწლო ბლოკადა - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ერთადერთი ე.წ გამშვები პუნქტიც ჩაკეტა

ოკუპირებული ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვიდან 115-ე დღეს ცნობილი ხდება, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დამატებით ზომებს მიმართავს. ქარზმანის ე.წ. საზღვარი, რომელიც ამ ოკუპირებულ სოფელსა და კონტროლირებად სინაგურს ჰყოფს ორშაბათიდან პარასკევამდე ჩაიკეტება. ე.წ უშიშროების კომიტეტმა გადაწყვეტილება საახალწლო დღეებში უსაფრთხოების გაძლიერებას დაუკავშირა, რასაც მომენტალურად მოჰყვა თბილისის რეაქცია.

პოლიტიკოსთა ნაწილის თქმით, იმის მიზეზი, რომ საოკუპაციო რეჟიმი ყოველ ახალ შემთხვევას იყენებს მორიგი დესტრუქციული ნაბიჯებისთვის, შესაძლებლობების არაეფექტურად გამოყენებაა. ოპოზიცია რუსეთს არაადამიანური მიდგომების გამო აკრიტიკებს, ხელისუფლებას კი იმაში ადანაშაულებს, რომ ვერ შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე კრემლის უკანონობისთვის ფასი დაედო.

ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, მედიკამენტებზე წვდომის შეზღუდვა, შეზღუდვა გადაადგილებასა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე, ის რეალობაა, რაც რუსულმა ოკუპაციამ შექმნა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სარგებელს უზიარებს, იქნება ეს განათლება, ეკონომიკა თუ სხვა, თუმცა მიზნის მისაღწევად ეს საკმარისი მანამ ვერ იქნება, ვიდრე რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან.

საექსპერტო წრეებში თვლიან, რომ ამ დროისთვის ერთადერთი ღია სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილების მიღმა ზეწოლისა და ძალის დემონსტრირება დგას, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფალს, ანატოლი ბიბილოვს მოსახლეობამ პრეტენზიებით მიმართა და ახალგორის ე.წ. საზღვრის გახსნა მკაცრად მოსთხოვა. ანალიტიკოსების ნაწილს აბსურდულად მიაჩნია საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმის არგუმენტი, რომელიც თბილისს ჩორჩანაში საპოლიციო ბლოკ-პოსტის აღების პირობას უყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალგორელებს ე.წ. საზღვარს არ გაუხსნის.

ქარზმანის ე.წ. გადასასვლელით სარგებლობის საშუალება მხოლოდ ოკუპირებული ქარზმანისა და უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფელი სინაგურის მოსახლეობას ჰქონდათ, საუბარია რამდენიმე ოჯახზე, ახლა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლების მსგავსად, ახალი წლის შეხვედრა მათაც ბლოკადაში მოუწევთ.

დღის ამბები