30 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ტყვეობაში გატარებული 49 დღე - ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საქართველოს საზღვრები მხოლოდ როკის გვირაბსა და ფსოუზე​ გადის

ოკუპაციის ტყვე თავისუფალია, 49-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ქართველი ექიმი სახლში დაბრუნდა. ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. პარალელურად კი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ პატიმარმა დანაშაული მოინანია და ამიტომ შეიწყალეს. ხელისუფლების განმარტებით, ექიმის გათავისუფლება საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო ზეწოლის შედეგია. 

ვაჟა გაფრინდაშილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც მედიამ მისი გათავისუფლების შესახებ შეიტყო. პირველი კადრები და კომენტარი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმის შეხვედრა ოჯახის წევრებთან ემოციური იყო. თითქმის ორთვიანი მძიმე პერიოდის გავლის შემდეგ, გაფრინდაშვილი მეუღლეს და შვილებს სამხარეო პოლიციის შენობაში შეხვდა. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ დღეს სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წვლილთან ერთად, ექიმის გათავისუფლებაში ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლზეც ისაუბრა.

ოჯახთან შეხვედრის შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილი მედიასთან გამოვიდა. ცნობილმა ტრავმატოლოგმა განსაკუთრებული მადლობა მეუღლესა და შვილებს გადაუხადა და პირობა დადო, რომ ტყვეობის დეტალებზე ვრცლად აუცილებლად ისაუბრებდა.

ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მედიამ გაფრინდაშვილის შესახებ, ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. პროპაგანდისტული მედიასაშუალებები დღეს ირწმუნებოდნენ, რომ გაფრინდაშვილმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა აღიარა, რასაც ექიმის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა პატიმარმა, ოჯახთან ერთად, საკუთარი ავტომობილით დატოვა. გაფრინდაშვილს თბილისში ნათესავები და მეზობლები ელოდნენ. 49-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ცნობილი ტრავმატოლოგის ახლობლებთან პირველ შეხვედრას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. სახლში დაბრუნებულმა ვაჟა ექიმმა საქართველოს ყველა მოქალაქეს სოლიდარობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს, სოფელ ოძისთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის პაციენტის დასახმარებლად ე.წ. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ცდილობდა. რეჟიმმა ექიმს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება წაუყენა და ერთი წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად ოკუპანტების არაერთგზის მცდელობისა, ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის იზოლატორი ისე დატოვა, რომ საქართველოს საზღვრები მხოლოდ როკის გვირაბსა და ფსოუზე გავლით აღიარა.

დღის ამბები