30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"სახელმწიფო ინსტიტუტები ერთმანეთს მფარველობენ" - აქცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან

დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

"ლეიბორისტული" პარტიის წევრები ლუკა სირაძის საქმეზე შს მინისტრისა და მისი მოადგილის დაუყოვნებლივ დაკითხვას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, გამომძიებელთან ერთად, საქმეში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

"გვაქვს გონივრული ეჭვი და სრული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ შს მინისტრის მოადგილე ცაციაშვილი, მისივე მინისტრის გომელაურის დავალებით, მფარველობს დამნაშავეებს და სწორედ ამის გამო არ არიან ისინი დაკავებულები, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ბრიფინგი, როდესაც ის ლუკა სირაძის დაღუპვის წინა დღეს აცხადებდა, რომ არ ყოფილა არანაირი ზეწოლა 15 წლის ბავშვზე და როდესაც ის დაიღუპა, სხვა გზა არ დარჩათ. სწორედ ამიტომ ერთი გამომძიებელი დააკავეს," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა. 

აქციაზე,"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ერთმანეთს მფარველობენ.

"მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები, შსს, პროკურატურა, სასამართლო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული, რეალურად სულ სხვა სიტუაცია გვაქვს, ისეთი როდესაც მფარველობენ და ეხმარებიან ერთმანეთს.

ახალი წლის შემდეგ, ძალიან ფართო, მასშტაბური აქციები დაანონსდება, თუკი გამოძიება არ ჩატარდება და არ დაისჯებიან უმკაცრესად ყველა დამნაშავე პირები,"-აღნიშნა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ქუმსიშვილმა

დღის ამბები